პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამოვა, თუ ქუჩაში დაინახავს ბევრ ხალხს, არაძალადობრივად უნდა დავიწყოთ ხელისუფლების დემონტაჟი - გასაკეთებელი საქმე არის ქუჩაში, ვემზადებით და განაცხადს ამ კვირაშივე გავაკეთებთ

„ქართული ოცნება“ კომპრომისზე მხოლოდ მაშინ წამოვა, თუ ქუჩაში დაინახავს ბევრ ხალხს, არაძალადობრივად უნდა დავიწყოთ ხელისუფლების დემონტაჟი - გასაკეთებელი საქმე არის ქუჩაში, ვემზადებით და ამ განაცხადს ამ კვირაშივე გავაკეთებთ,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძემ აღნიშნული განცხადება სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე საუბრისას გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" განზრახული აქვს 12 პუნქტის შესრულება ჩააგდოს და ამ პირობებში მათ "მხოლოდ პარლამენტში უქმად ჯდომის დრო აღარ აქვთ."

„საპარლამენტო საქმიანობაში რომ რაიმე გარღვევას მიაღწიოს ოპოზიციამ, სამწუხაროდ, ამის მოლოდინი არ მაქვს, რადგან პოლიტიკური ნება მეორე მხარეს არ არსებობს. "ქართულ ოცნებას" რომ ნამდვილად უნდოდეს ევროპაში ინტეგრაცია, 12 პუნქტიან რეკომენდაციას შეასრულებდა და მათ შორის, იმ კარგი პრაქტიკით აირჩევდა სახალხო დამცველს, მაგრამ „ქართული ოცნება" დაადგა ქვეყნის ღალატის გზას და ამის კომპონენტია 12 პუნქტის შესრულების ჩაგდება ისე, რომ არ დადგეს მათი პასუხისმგებლობა. უფრო დიდ სურათს უყურებს "სტრატეგია აღმაშენებელი", აშკარაა, რომ "ქართული ოცნება" რუსულ ჭაობში მიათრევს ქვეყანას, ასეთ დროს, ჩვენ უქმად მხოლოდ პარლამენტში ჯდომის დრო არ გვაქვს, ჩვენ ეს ტრიბუნაც უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ გასაკეთებელი საქმე არის ქუჩაში, სხვა გზა არ დაგვიტოვა "ოცნებამ", გარდა იმისა, რომ ხალხს დავუძახოთ. ჩვენ ამისთვის ვემზადებით და ამ განაცხადს გავაკეთებთ ამ კვირაშივე და შეიტყობთ რა პროცესებს ემხრობა და რისი ინიციატორია "სტრატეგია აღმაშენებელი", რადგან ხიფათი, რომ საქართველო რუსულ ჭაობში ჩაახშონ, აშკარაა. თქვენ ნახეთ ლავროვის განცხადება, მოწონება, მადლობები საქართველოს ხელისუფლებას და ვნახეთ ასევე კობახიძის მადლობები ლავროვს. როცა "ქართული ოცნება" ოკუპანტ ქვეყანასთან, ენის მოჩლექის, კუდის ქიცინის და მუხლებზე დგომის პოლიტიკას ირჩევს, ეს არაფერს კარგს არ მოუტანს საქართველოს. მე შემიძლია ჩვენი გეგმების მონახაზზე ვთქვა თქვენთან, ჩვენ არ ვუყურებთ ისე, რომ საქართველოს გადარჩენა არის მხოლოდ პარტიების ამოცანა, ეს არის საზოგადოებრივი ამოცანა, კონსულტაციები ყველასთან გვაქვს და ნახავთ, რომ ძალიან ფართო სპექტრია, რომელიც არ შემოიფარგლება პარტიებით, საზოგადოებრივი აქტიური ჯგუფები, ცნობადი სახეები და ყველა ადამიანი ვისაც უნდა საქართველო იყოს ნატოში და არა რუსეთის შემადგენლობაში, იქნებიან პროცესებში. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებში ჩავკეტოთ ეს მოძრაობა, ეს იქნება ძალიან დიდი ახალი ევროპული, ეროვნული მოძრაობა, რომელიც გამარჯვებით დაასრულებს ამ პროცესს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ქუჩაში დაინახოს ძალა, რათა მათ საკანონმდებლო ორგანოში საჭირო ნაბიჯები გადადგან.

„არსებობს კარგი პრაქტიკა ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ქუჩის პროტესტთან ერთად ეროვნულმა ლიდერებმა კანონები მიაღებინეს ბოლშევიკებს, ზუსტად იგივე მეთოდი უნდა გამოვიყენოთ, ქუჩაში უნდა ვაჩვენოთ ძალა და ამ ძალის ფონზე მივაღებინოთ დემოკრატიული კანონები "ქართულ ოცნებას", მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებული, მათ შორის სახალხო დამცველის არჩევაც ასე უნდა მოხდეს, ასე ვხედავ გამოსავალს. უამრავი კარგი კანდიდატი არსებობს, ახლაც იყო დასახელებული, მაგრამ "ქართული ოცნება" მათ არ აირჩევს, ის წამოვა კომპრომისზე თუ ქუჩაში დაინახავს ბევრ ხალხს. მშვიდობიანად არაძალადობრივად უნდა დავიწყოთ ხელისუფლების დემონტაჟის პროცესი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო