ნინო წილოსანი - ალბათ, ლავროვის განცხადება უხერხულობა იმისთვის არის, ვისთვისაც ის ავტორიტეტი ან სანდო ადამიანია

ძალიან თვალნათელია, როდესაც ჩვენი ოკუპანტი ასეთ განცხადებას აკეთებს, ვის წინააღმდეგ მოქმედებს - ეს არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ და ასევე იმ პოლიტიკის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა.

წილოსანის შეფასებით, „არავის აწყობს ის ძალიან კეთილგონიერი პოლიტიკა, რომელიც ამ პერიოდში საქართველოს მმართველ პარტიას ეკავა, რისი დამკვეთიც არის ქართული საზოგადოება“. „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ლავროვი ნამდვილად არ უნდა იმსახურებდეს ამდენ ნდობას“.

„ალბათ, ლავროვის განცხადება უხერხულობა იმისთვის არის, ვისთვისაც ის ავტორიტეტი ან სანდო ადამიანია. „ალტ-ინფოს“ დასმულ კითხვაზე ლავროვის პასუხზე ნარატივის აგება არ მგონია, რომ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი საქმე იყოს. მე დიდი სანდოობით ვერ განვიმსჭვალებოდი ვერცერთი რუსული ოფიციალური წარმომადგენლის მიმართ.

მარტივად შეიძლება დავინახოთ ყველაფერი - ყველა საკვანძო მომენტში, დაწყებული 2003 წლიდან, ივანოვის აქ ჩამოსვლიდან და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, რაღაც სიტუაციებში გარკვეული მოკავშირეობა იგრძნობოდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და რუსეთს შორის. კონკრეტული ფაქტების გარეშე არავის დავადანაშაულებ პრორუსულობაში და რუსეთის ინტერესების დაცვაში, თუმცა გარკვეულწილად ეს ძალიან თვალნათელი არის. ვიცით, რომ პოლიტიკა ძალიან პრიმიტიულად არ კეთდება და ლავროვის ეს განცხადება რომ კონკრეტულ მიზანს ატარებდა, მათ შორის „ალტ-ინფოს“ დასმული კითხვა, ესეც ბუნებრივია. ეს ინტერესები ნამდვილად არ ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ ინტერესებს - ადვილია დავინახოთ ის კავშირი, რაც ამ განცხადებას და ჩვენს საწინააღმდეგო ინტერესებს შორის შეიძლება არსებობდეს. ოკუპანტი ქვეყანა რომ გაქებს, ზუსტად იქ იმალება ძაღლის თავი. ძალიან მარტივი ლოგიკაა, რომ ეს ყველაფერი გარკვეული მიზნობრიობით კეთდება და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მიზანს ატარებს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას „ღიად და ურცხვად მოითხოვს".

„ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ - ეს შექებას იმსახურებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა