ზურაბ ბატიაშვილი - სამწუხაროა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გაქებს - ეს უნდა იყოს განგაშის ზარი - ლავროვი და ”ქართული ოცნება“ ერთ ბანაკში აღმოჩნდნენ

სამწუხაროა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გაქებს. ეს უნდა იყოს განგაშის ზარი, რადგან გამოდის, რომ რაღაც ისეთს აკეთებ, რაც ოკუპანტს სიამოვნებს, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც მან რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადება შეაფასა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ლავროვის განცხადება არის იმ საგარეო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს მმართველი პარტია აწარმოებს.

„ეს არის ერთგვარი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო აწარმოებს, მათ შორის, საგარეო მიმართულებითაც. სიტყვით აღნიშნული პოლიტიკა გულისხმობს დასავლეთთან დაახლოებას, მაგრამ რეალურად ეს არის დასავლეთისგან დაშორება და რუსეთთან დაახლოება. ჩვენ ამას ვხედავთ 12 რეკომენდაციის არშესრულების მიმართულებით. ასევე, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, მათ შორის, მმართველი პარტიიდან, დასავლეთის ლანძღვა-გინებას. გუშინ მმართველმა პარტიამ რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებითაც სწორედ დადებითი სიგნალები გაუშვა. ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა და ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან არანაირი დათმობის მსგავსი ნაბიჯი არც კი განიხილება - იგივე ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ეს არის საშიში და საფრთხის შემცველი, ეს არის საქართველოს არჩევანის წინააღმდეგ წასვლის მცდელობა. საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ჩაწერილი ჩვენი პროდასავლური ორიენტაცია, რაც გამაგრებულია რეფერენდუმის შედეგებით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მან ასევე შეაფასა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელშიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება მმართველი პარტიისთვის არის მისასალმებელი“.

ბატიაშვილის განმარტებით, ფრენებთან დაკავშირებით გუშინ ნათქვამი დადებითი პასუხი მმართველი პარტიის მხრიდან მიუთითებს იმაზე, რომ რეალურად „ლავროვი და ”ქართული ოცნება“ ერთ ბანაკში აღმოჩნდნენ“.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად გუშინ განაცხადა, რომ ქართველ ხალხთან რუსეთს არავითარი პრობლემა აქვს.

„ვხედავთ, რომ საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც ღიად და ურცხვად მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას. ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი საკუთარი ინტერესებით, ეკონომიკური ინტერესებით, იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს”, - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმითვე, ის ბედნიერია, რომ ხალხთაშორის პირად დონეზე კონტაქტები აქტიურად ვითარდება საქართველოსთან.

ამასტან, ლავროვი იმედოვნებს, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ძალიან მალე შეძლებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი