როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში იღუპებიან, ამბობენ - გმირები არ კვდებიან, ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს,- ამის შესახებ უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრე ტკაჩენკომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტკაჩენკომ აღნიშნული სიტყვები ქართულად წარმოთქვა.
„ვიცი, რომ ბატონმა ვახტანგმა უკრაინული სიმღერა ქართულად თარგმნა, ამიტომ მსურს, რამდენიმე სიტყვა ვთქვა ქართულად - როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში მებრძოლები, მაშველები, ექიმები ან არტისტები იღუპებიან, ამბობენ - გმირები არ კვდებიან. ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს - გმირები არ კვდებიან, ნათელი ხსოვნა“, - განაცხადა ალექსანდრე ტკაჩენკომ, რომელიც საქართველოში ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს. ხელოვანის ხსოვნას პატივს მიაგებენ და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები სპორტსმენები და საზოგადოების სხვა წევრები. თავისი ანდერძის თანახმად, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის 14 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.