ლანა ღოღობერიძე - ბოლო პერიოდში გამოჩნდა, ვინ იყო ბუბა - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უარი თქვა რუსეთში წასვლაზე, შემდეგ კი, როდესაც კიევის მეტროში იმღერა - ის იყო სიმბოლო ყველაფერი კარგისა, რაც საქართველოშია

ბოლო პერიოდში მართლა გამოჩნდა, ვინ იყო ბუბა - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უარი თქვა რუსეთში წასვლაზე, შემდეგ კი, როდესაც კიევის მეტროში იმღერა - ის იყო სიმბოლო ყველაფერი კარგისა, რაც საქართველოშია, - ამის შესახებ კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბუბა კიკაბიძე თავმდაბალი ადამიანი იყო და „ვერაფერში შეატყობდი, რომ ამდენი ადამიანის კერპია“.

„რა ბედნიერებაა, ისე მიდიოდე ამ ქვეყნიდან, რომ ამდენი ადამიანის გულში ტოვებდე უდიდეს კვალსა და სიყვარულს. თან არა მარტო შენს ქვეყანაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში. ამას მხოლოდ ის არ ყოფნის, რომ კარგი მომღერალი, კარგი მსახიობი, კარგი ადამიანი ან კარგი მოქალაქე იყო. არ ვიცი, რაში იყო ბუბას განსაკუთრებულობა. რაღაც ხიბლი, ელეგანტურობა ჰქონდა... ასე გაიარა ცხოვრების გზა - მომხიბვლელად, ელეგანტურად, თავისუფლად, თავმდაბლობით. ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, ვერაფერში შეატყობდი, რომ ამდენი ადამიანის კერპი იყო.

მინდა ხაზი გავუსვა ბუბას მოქალაქეობას. ბოლო პერიოდში მართლა გამოჩნდა, ვინ იყო ბუბა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უარი თქვა რუსეთში წასვლაზე, შემდეგ, როდესაც კიევის მეტროში იმღერა - ამით ყველაფერი ნათქვამია. ამ ქვეყნიდან დიდი ადამიანი წავიდა და დიდი სიყვარული დაგვიტოვა. ის იყო სიმბოლო ყველაფერი კარგისა, რაც საქართველოშია“, - განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს სახალხო არტისტის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდი გაიმართა. ხელოვანის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა, მომღერლებმა, სპორტსმენებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა. თავისი ანდერძის თანახმად, ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის 14 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო