სერგეი ლავროვი ყოველთვის იმ პერიოდში გამოჩნდება ხოლმე, როცა „ნაცმოძრაობაში“ ან შიგნით არის არეულობა, ან მისი ქმედებები სკანდალურია და საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული - 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა შემთხვევა, რომ „ნაცმოძრაობას“ რაიმე უჭირდა და რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა შესაბამისი განცხადება არ გააკეთეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ პოზიტიურ შეფასებას.
ვოლსკის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს სერგეი ლავროვის განცხადება, საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება.
მისივე შეფასებით, ამ თემაზე ოპოზიციის განცხადებები „ხავსთან ჭიდილია, რათა იმ მღვრიე დინებიდან ამოვიდნენ, რომელიც საკუთარ თავს თავად შეუქმნეს“.
„აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველო რუსეთის სასარგებლოდ რაღაც ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული. რუსეთის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში გარკვეული დესტაბილიზაციის და რყევის სიტუაცია მუდმივად იყოს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და აკეთებს განცხადებებს. მთავარია ის, რა ინტერესი გააჩნია საქართველოს. საქართველოს ინტერესია, არ დაუშვას დესტაბილიზაცია, მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში. ასევე უზრუნველყოს განვითარება მიუხედავად მსოფლიოში არსებული ტურბულენტური სიტუაციის. „ნაცმოძრაობის" ინტერესია, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს. უნდათ, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და ის გააკეთონ, რაც ჩაფიქრებული აქვთ და რაზეც ღიად ლაპარაკობენ.
რუსეთისთვის საქართველოში დესტაბილიზაციის არსებობა საინტერესო და მნიშვნელოვანია იმდენად, რომ აქ არ მოხდეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენების სრული რეაბილიტაცია. სიტუაციის შერყევის მიზანი „ნაციონალური მოძრაობისთვის" და რუსეთისთვის ერთია, შინაარსია - სხვადასხვა“, - განაცხადა ღია ვოლსკიმ.
რაც შეეხება ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს, ვოლსკის თქმით, „რუსეთი დაპირისპირებულია დასავლეთთან, ჩვენ ჩვენი პოლიტიკით დასავლეთის ნაწილი ვართ და ფრენების საკითხს პროპაგანდისტულ ველზე გარკვეული უხერხულებები ახლავს“.
„მაგრამ პროპაგანდის იქით ეროვნული ინტერესები არსებობს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. მით უმეტეს, თუ ავიამიმოსვლის შეწყვეტა რუსეთის სანქცია იყო და არა ქართული მხარის“, - დასძინა გია ვოლსკიმ.