„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მაჩალიკაშვილის საქმეზე - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური.

„სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო.

სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.

ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.

ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად წარადგინა.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი