თეონა აქუბარდია - როცა ტაშისკვრას იღებ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ნიშნავს, რომ კატასტროფა არის ძალიან ახლოს - როცა მეგობარი გაკრიტიკებს და მტერი გაქებს, ე.ი. მცდარ გზას ადგახარ

როდესაც საფრთხეებია და შენ იმის მაგივრად, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარებას ცდილობდე, ტაშისკვრას იღებ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ძალიან ცუდი მიმართულებით მიდის და კატასტროფა არის ძალიან ახლოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის, ხოლო ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს“.

თეონა აქუბარდიას თქმით, ლავროვის მიზანი იყო ეჩვენებინა, ვინ არის ბატონ-პატრონი საქართველოში და ასევე პრემიერისთვის, რომელიც დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება, პრორუსული იარლიყი უფრო მკაფიოდ მიეწებებინა.

„როდესაც შენი ქვეყნის მტერი, რომელსაც შენი ტერიტორიების 20% აქვს მიტაცებული და აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და ანექსიას, ეს შექება რაციონალურად არის გასაგები. მას რომ უსამართლოდ შეექო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენ არ გვექნებოდა ეს პოზიცია. მისი შექება დამსახურებული იყო „ქართული ოცნებისთვის“ და ეს არის პრობლემა, რადგან, მაშინ, როდესაც შენი მეგობარი გაკრიტიკებს დემოკრატიის უკუსვლის გამო და შენი მტერი გაქებს, ესე იგი მცდარ გზას ადგახარ. არა მხოლოდ გუნდი, არამედ ქვეყანა მიგყავს არასწორი გზით. შესაბამისად, ობიექტურია ის კრიტიკა და აღშფოთება, რომელიც ლავროვის ამ განცხადებიდან გამომდინარე ქვეყნის შიგნით მოვისმინეთ.

ძალიან საინტერესო დრო იყო, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არის დავოსში, ირგვლივ მთლიანად დასავლეთი გაერთიანებულია და საუბრობენ იმაზე, როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინას, ეს იყო მძიმე დარტყმა პრემიერ-მინისტრისთვის, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ არა მხოლოდ არ გააღიზიანოს რუსეთი, არამედ რუსეთის ინტერესები წინ წაწიოს ქვეყანაში.

ის, რა ინტერესებიც რუსეთს აქვს საქართველოში, „ქართული ოცნების“ პირობებში წინ არის წასული. ანუ რუსეთის სასარგებლო ვითარება დადგა „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.

ეს ლავროვმა გააკეთა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზება მომხდარიყო ამ საკითხის ირგვლივ. პრემიერისთვის, რომელიც დავოსში იმყოფება ეკონომიკურ ფორუმზე, პრორუსული იარლიყი უფრო მკაფიოდ მიეწებებინა, რაც ობიექტურად ეკუთვნის და იმავდროულად ეჩვენებინა, ვინ არის ბატონ-პატრონი საქართველოში, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. შესაბამისად, განგაშის ზარი უნდა იყოს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლურ გზავნილებს აძლიერებს ყოველდღიურად“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ამასთან, თეონა აქუბარდიას თქმით, საქართველო წარმატებული ქვეყნიდან მაჩანჩალა და ყველაზე ცუდი ამბების მქონე ქვეყნად გადაიქცა.

„საქართველო, რომელიც იყო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, დღეს არის ყველაზე მაჩანჩალა და ყველაზე ცუდი ამბების მქონე ქვეყანა. რაც მე ვნახე საინფორმაციოში, დავოსში ჩვენი პრემიერი შეხვდა სერბეთის პრეზიდენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერს შეხვდა ვინმეს? ვიცით რომ იქ არიან უკრაინელები, შეხვდა? - ძალიან ცუდი ვითარებაა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო