საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ავალდებულებს სახელმწიფოს, გამოძიება განაახლოს.როგორც საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, მისი ინტერპრეტირება ისე, თითქოს ამ საქმეში სახელმწიფომ ყველაფერი სწორად გააკეთა და მხოლოდ ,,ცალკეული პროცედურული საკითხები“ იყო პრობლემა, მნიშვნელოვანი დარღვევის არაღიარება, გაუფასურება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
„ბოლო დროს განსაკუთრებით შესამჩნევია საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იმგვარი ინტერპრეტაციები, რომ საზოგადოებამ იფიქროს, თითქოს ის დარღვევა, რომელიც დადგინდა, იმდენად უმნიშვნელოა, რომ საქმის წაგება მოგებას უტოლდება.
მაჩალიკაშვილის საქმეზეც იგივეს ვხედავთ. ამ საქმეზე სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა პროცედურულ ნაწილში იმის გამო, რომ სახელმწიფომ ეს საქმე ეფექტიანად არ გამოიძია. გადაწყვეტილება ავალდებულებს სახელმწიფოს, გამოძიება განაახლოს. მისი ინტერპრეტირება ისე, თითქოს ამ საქმეში სახელმწიფომ ყველაფერი სწორად გააკეთა და მხოლოდ ,,ცალკეული პროცედურული საკითხები“ იყო პრობლემა, მნიშვნელოვანი დარღვევის არაღიარება, გაუფასურება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა”,- წერს ქურდოვანიძე სოციალურ ქსელ Facebook -ზე.