„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი და გიორგი ხვედელიანი გამოდიან ინიციატივით, ხალხს ჰკითხონ, უნდა დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პარლამენტი.
ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ნონა მამულაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი არის „ყველაზე სამარცხვინო“ ქვეყნის ისტორიაში, შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი ესაქმება ე. წ. პარლამენტში.
„მეგობრებო, გვინდა მოგმართოთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რასაც აჩვენებს ნდობის 16 პროცენტი, რომელიც დღეს პარლამენტს საქართველოს მოსახლეობაში აქვს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითაც უღალატა წინა მოწვევის პარლამენტების სულისკვეთებას და რაც მთავარია ხალხის ნებას; მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა, ცვლის ქვეყნის ევროპულ მომავალს, რისთვისაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან იღებს მადლობას; კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს; ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი ესაქმება ე. წ. პარლამენტში. ასე ვფიქრობდი წარსულშიც და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ინდივიდუალურად დამეტოვებინა პარლამენტი“, - განაცხადა მამულაშვილმა.
გიორგი ხვედელიანის თქმით, პარტიის ამომრჩევლისთვის გაუგებარია, რა აკავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში, ამიტომ ხალხს უნდა ვკითხოთ, უნდათ, თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს პარლამენტში, რაც მისი შეფასებით, იქნება სწორი და სამართლიანი.
"ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს მხარდამჭერებს და ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მათთვის არის გაუგებარი, ვერ ხვდებიან, რა აკავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს პარლამენტში, თუმცა კონკრეტული დეპუტატები მიჩნევენ, რომ საპარლამენტო საქმიანობა არის ეფექტიანი. რა თქმა უნდა, კონკრეტული პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პროცესის ეფექტიანობას ყველაზე კარგად განსაზღვრავს საზოგადოება, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. მოგმართავთ სამართლიანი ინიციატივით, რომ როგორც ხალხს ვეკითხებით თუ ვინ უნდა იყოს ამ პარტიის თავმჯდომარე, იმავე ხალხს ვკითხოთ, უნდათ, თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩეს საქართველოს პარლამენტში. ეს იქნება ყველაზე სწორი და სამართლიანი გზა“, - დასძინა მან.