გიგა ბოკერია - საგანგაშო ის არის, რომ რასაც ლავროვი აღწერს, სიმართლეა - დასავლეთთან დაპირისპირებული საქართველო საჩუქარია რუსეთისთვის

რასაც ვაკვირდები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფრთა შინაარსისგან მთლიანად დაცლილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ტრაგედიაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერჯერობით ლიდერია ოპოზიციურ სპექტრში.

„ეს პოლიტიკური ძალა წლებია დაადგა გზას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობასთან. რასაც ახლა ვაკვირდები, ამ პოლიტიკური ძალის ყველა ფრთა შინაარსისგან მთლიანად დაცლილია. არცერთი სიტყვით არ ჩანს, რაზეა დავა, რა გზაზე ან შეხედულებაზე? - დავაა უბრალოდ ბრენდის დასაკუთრებაზე, იმის გამოყენებით, ვინ უფრო ლოიალურია სააკაშვილის მიმართ, თან ძალიან მძიმე ფორმებით, ვირეშმაკული ფანატიზმის გამოყენებით. მთავარი ლიდერი, რომელიც დღეს პოლიტპატიმარია, ყოველთვის მართალია, რასაც არ უნდა აკეთებდეს და ეს არის კატასტროფა, რაც ამ პოლიტიკურ ძალაში მოხდა. ისაა ტრაგედია, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ჯერჯერობით ლიდერი ამ ბრენდის გამო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაასკვნეს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უფრო „ქართული ოცნება“ უნდა იყო, რომ მოიგო.

„პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფრთის არის ის, რომ იმ ღირებულებებიდან და ფასეულობებიდან, რაც ვარდების რევოლუციამ მოიტანა, რომლითაც ქვეყანა ჭაობიდან ამოვიდა, უფსკრულის პირას იყო, ის დაივიწყეს, იმას უღალატეს, გადავიდნენ იმ მხარეზე, საიდანაც ჩვენ გვესხმოდნენ თავს. ხოლო იმ მძიმე ჩავარდნებთან მიმართებაში, რომელზეც უნდა გამოგვეტანა გაკვეთილი, რა იყო არასწორი, არაფერი გაუაზრებიათ. ყველაფერი პირიქით მოხდა და ეს ეხება ყველა ფრთას, არანაირი არსებითი განსხვავება იქ არ არის. დასკვნები უნდა გამოეტანათ, რა არის სწორი, რა არ არის სწორი, მაგრამ ამის ნაცვლად იქ გაკეთდა დასკვნები, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უფრო „ქართული ოცნება“ უნდა იყო, რომ მოიგო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია გადაცემაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის, ხოლო ამ პატარა ქვეყანას და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებენ, ეს შექებას იმსახურებს“.

გიგა ბოკერიას თქმით, საგანგაშოა ის, რომ რასაც ლავროვი აღწერს სიმართლეა.

„ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგაშო არის ის, რომ ლავროვი რასაც აღწერს, ეს სიმართლეა. რუსეთისთვის გასახარებელი და კარგია საქართველო თუ იზოლირებული დასავლეთისგან და დაუცველია. ლავროვს რომ უხარია ის, რაც ხდება საქართველოში, ამაში ის გულწრფელია, ლოგიკურია მისი ჩვენდამი მტრული პოზიციიდან, დასავლეთთან დაპირისპირებული საქართველო არის საჩუქარი რუსეთის ინტერესებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო