„ინტერპრესნიუსმა“ საგარეჯოში მომხდარის შესახებ კიდევ ერთი ადგილობრივი, თეონა გოგისაშვილი ჩაწერა, რომელიც მომხდარის უშუალო თვითმხილველია და რომლის მისამართითაც ყოფილმა სამხედრომ გასროლა განახორციელა.
მისი განცხადებით, როდესაც სახლში ყოფნისას მან და მისმა მეუღლემ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, გარეთ გავიდნენ, რის შემდეგაც შეიარაღებულმა მეზობელმა მათი მიმართულებითაც გაისროლა, თუმცა გაქცევა შეძლეს. როგორც გოგისაშვილი აცხადებს, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გაუხსნა სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც, რომელიც ადგილზე დაჭრილების დასახმარებლად გამოიძახეს.
„ხმა გავიგონეთ. გვეგონა, უბრალოდ მაშხალებს ისროდნენ, თუმცა... სროლის ხმა ერთმანეთს მიჰყვა, მერე მეზობლებიც ყვიროდნენ: „ბექა, ბექაო“. ბექა სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირია, ვისაც ესროლა. ჩემი მეუღლე გარეთ გავიდა, რომლის მიმართულებითაც მამაკაცმა ასევე სროლა დაიწყო. ამის მერე გავედით იმ მხარეს, სადაც გარდაცვლილები იყვნენ. ამ დროს სროლა ჩვენი მიმართულებითაც დაიწყო, რა დროსაც თავს ვუშველეთ“, - განაცხადა თეონა გოგისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.