ალექსეი გონჩარენკო - საქართველოს არ გამოუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა - გეკითხებით, აქვს თუ არა ერთი დანა ან ერთი ტყვია სიმბოლურად, რომელიც ცხადყოფს, რომ თბილისი მხარს უჭერს უკრაინას საერთო მტერთან ბრძოლაში?

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ უკრაინის რადას წევრ ალექსეი გონჩარენკო ესაუბრა. უკრაინელმა დეპუტატმა ტელეკომპანიის რამდენიმე კითხვას უპასუხა, მათ შორის საქართველოს მიერ უკრაინის დახმარების, თბილისი-კიევის ურთიერთობისა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხზე.

- ბატონო ალექსეი, ომის დაწყების შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ღიად აჩვენა უკრაინის და უკრაინელი ხალხის ძლიერი მხარდაჭერა. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში რამდენჯერმე გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა მის მიმართ კითხვები და კრიტიკა არსებობს, რომ ეს დახმარება არასაკმარისია. საქართველო თავად არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა. იცით, რომ რუსეთის არმია უკვე წლებია ჩვენს ტერიტორიაზე დგას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, რამდენად შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისთვის იმაზე მეტი, ვიდრე ჰუმანიტარული დახმარება და საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური მხარდაჭერის დაფიქსირებაა?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას. მათ არ გამოუგზავნიათ არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა, სრულიად არაფერი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ძალიან უცნაურია, რადგან როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინა იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა მას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იარაღითაც. ახლა ჩვენ საქართველოს ხელისუფლება უარს გვეუბნება ყოველგვარ იარაღზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს არის ომში. გეკითხებით, აქვს თუ არა საქართველოს ერთი დანა ან ერთი ტყვია? ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ჩვენ არ ველოდებით საქართველოსგან HIMARS-სა და F16-ებს, ეს შეუძლებელია და ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ თუნდაც ერთი იარაღი, ერთი ავტომატი, ერთი ტყვია, სიმბოლურად ცხადყოფს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთს აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების 20%-ც და ჩვენ აბსოლუტურად ერთ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვესმის, რომ ქართული შეიარაღება არც თუ ისე ძლიერია და ნებისმიერი დახმარება სიმბოლურია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს დახმარებაზე.

- საქართველოში გახშირდა პოლიტიკური ნარატივი, თითქოს დასავლეთს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და თბილისში ფრონტის ახალი ხაზიგახსნა სურს. საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი პოლიტიკოსი ღიად აფიქსირებს ანტიდასავლურ ლოზუნგებს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იდგეს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის უკან?

- ვფიქრობ, საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა არის ერთი ქვეყნის ინტერესი. ამ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია ჰქვია. საუბარი იმაზე, რომ თუ საქართველო ერთ ტყვიას მისცემს უკრაინას, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ჩაერთვება ომში, აბსოლუტური სისულელეა. ათობით ქვეყანა მთელ მსოფლიოში -ახალი ზელანდიიდან დაწყებული,ბალტიისპირეთის ქვეყნებით დამთავრებული და მრავალი სხვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მეზობელია, უკრაინას მხარს იარაღით უჭერდა და ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ისინი ომში არიან ჩართული. ისინი უბრალოდ უკრაინას უჭერენ მხარს. იგივე სიტუაციაა აქაც. ეს ანტიდასავლური პროპაგანდა აჩვენებს, რომ მოსკოვის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ძლიერია. მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანა, რაც კი ოდესმე მინახავს და ქართველები გულუხვი და შესანიშნავი ხალხია. ბევრი ქართველი ჩემი მეგობარია და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ აფერხებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ამ ისტორიულ დროს.

- საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გამწვავებულია. ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსები ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აღარ ერიდებიან. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და რა რჩევებს მისცემდით ორივე მხარეს?

- პრობლემა ცუდ სიტყვებში არ არის, პრობლემა ცუდ მოქმედებებშია. თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის პოზიციას და დაიწყებს იარაღის მიწოდებას, ეს დამოკიდებულება შეიცვლება, რადგან ჩვენ საბავშვო ბაღის ბავშვები არ ვართ. ჩვენ ზრდასრულები ვართ ძალიან რთულ სამყაროში, სადაც მთავარია, რას აკეთებ და არა რას ამბობ.

- საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილიშესახებაც უნდა გკითხოთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. როგორია თქვენი პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით. იზიარებთ თუ არა პოზიციას, რომ ის სამკურნალოდ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან თუნდაც უკრაინაში უნდა გადაიყვანონ?

- პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი.მას აქვს უფლება,მოეპყრონ როგორც ადამიანს, მიიღოს სამედიცინო დახმარება. უკრაინა ამ რთულ ვითარებაშიც კი მზადაა დაეხმაროს ჩვენს მოქალაქეს. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იქნება, რომლებიც მზად არიან მას სამედიცინო დახმარება შესთავაზონ. არა იმიტომ,რომ ის პრეზიდენტი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის ადამიანია. ეს არის ყველაზე მთავარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მაწუხებს. მინდა ის გამოჯანმრთელებული და ჯანმრთელი ვნახო. ეს არის ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლება ამ პლანეტაზე.

- რაც შეეხება უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი მწვავედ გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ რუსული რაკეტა, რომელიც 14 იანვარს დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ამის შემდეგ არესტოვიჩმა თანამდებობა დატოვა. თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც მის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი არესტოვიჩის მხრიდან შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა?

- უპირველეს ყოვლისა, პირადად მისი გადასაწყვეტი იყო თანამდებობას დატოვებდა თუ არა.სამწუხაროდ, მისი მხრიდან ეს მხოლოდ შეცდომა არ ყოფილა. დნიპროშისაცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, სადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, მან თქვა, რომ ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოქმედების შედეგი, რომელიც ცდილობდა რუსული რაკეტის ჩამოგდებას. ის ამბობდა იმას, რასაც რუსები მუდმივად ამბობენ და ახლა რუსები მის სიტყვებს იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ შეცდომა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რაც მან შეუქმნა ქვეყანას. ამიტომ ვთქვით, რომ ეს იყო მისი, როგორც ოფიციალური პირის პასუხისმგებლობა. თუ ჟურნალისტი ხარ, თუ ექსპერტი ხარ, თუ ოფიციალური პირი, ეს პასუხისმგებლობის სხვა დონეა და არ შეგიძლია უბრალოდ თქვა რაც გინდა. ამიტომ ვთქვით, რომ ის პასუხისმგებელი უნდა იყოს ჩადენილზე და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვოს.

- ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ, რამდენად ფიქრობთ, რომ უკრაინა მოკავშირეებისგან საკმარისი რაოდენობის იარაღს იღებს, რათა ომი მოიგოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები ყველა რუსმა ჯარისკაცმა დატოვოს...

- ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, რომელიც გვეხმარება თუნდაც ერთი დოლარის ოდენობის სამხედრო მხარდაჭერით. ეს ჩვენთვის გადამწყვეტია ამ ომის მოსაგებად, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა სწრაფად მოვიგოთ ეს ომი, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი იარაღი. ჩვენ გვჭირდება მძიმე დრონები, გვჭირდება ტანკები, მძიმე ჯავშანტექნიკა, შორი დისტანციის რაკეტები. ახლა კი ამაზე ვმუშაობთ. ახლა მე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან გიერთდებით, სადაც ჩვენ ამ იდეების პოპულარიზაციისთვის ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ.

ბექა ბერიაშვილი

ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო