იაგო ხვიჩია - სერიოზული დისკუსია უნდა გვქონოდა, შეგვეძლო თუ არა, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, თანამედროვე, დასავლური შეიარაღება მიგვეღო

ნაცვლად იმ „სანტა-ბარბარასი“, რაც ქვეყანაშია, სერიოზული დისკუსია უნდა გვქონოდა, შეგვეძლო თუ არა, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ, თანამედროვე, დასავლური შეიარაღება მიგვეღო და როგორ შეიძლება რუსული აგრესიისგან ვიყოთ დაზღვეული, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა „გრასის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ საქართველო ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, არა მოკავშირეების, არამედ „რუსეთის წყალობის“ იმედად რჩება.

ხვიჩიას თქმით, ქვეყანა რუსეთის მოწყალების იმედად არ უნდა დარჩეს და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარტნიორების მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ზოგადად, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად უნდა ვიმოძრაოთ და რუსეთთან მარტო არ უნდა დავრჩეთ, სწორი მგონია. მაქვს ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარულ ნაწილში, უკრაინის რაღაც ტიპის დახმარება გვქონდა, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას ვაკრიტიკებდით არასაკმარისი დახმარების გამო. ჩემი აზრით, ჩვენი მიზანი უნდა ყოფილიყო თანამედროვე, დასავლური სტანდარტის შეიარაღების და მხარდაჭერის მიღება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს საქართველოში მოუნდა აგრესიის განხორციელება. ვინაიდან უკრაინა არ აღმოჩნდა დაზღვეული, არც არავინ არის, მითუმეტეს ჩვენ 2008 წლის გამოცდილება გვაქვს და როგორ შეიძლება ვიყოთ დაზღვეული. მთავარი შეცდომა, რასაც ჩვენ ამ პროცესში ვუშვებთ, არის ის, რომ მე არ ვიცი, ამის საფასური რა იქნებოდა და არ მჯერა, რომ ამის საფასური იყო ომში ჩართვა, იქიდან გამომდინარე, რომ სამყაროს სხვა არც ერთი ქვეყანა ომში ჩართული არ არის, ამიტომ მე არ მგონია, რომ ჩვენ ვინმე ომში ჩართვას გვთხოვდა. რაც შეეხება იმას, შეგვეძლო თუ არა მიგვეღო უკრაინის დახმარების სანაცვლოდ თანამედროვე, დასავლური ტიპის შეიარაღება, ჩემი აზრით, ამაზე არ შეიძლება უაპელაციოდ „კი“ ან „არას“ თქმა. ჩემი აზრით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით სერიოზული დისკუსიები უნდა გაგვემართა და ნაცვლად იმ „სანტა-ბარბარასი“, რაც ქვეყანაშია გამართული, ასეთ თემებზე უნდა გვქონოდა დისკუსია და მივსულიყავით გადაწყვეტილებამდე,“- განაცხადა ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პოზიციონირებაზე ორგანიზაცია GRASS-ის დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ისაუბრა. "უკრაინას რომ „ბუკებს“ არ აძლევ და რაღაც მცირე შეიარაღებას, რადგან გეშინია, რომ რუსეთი დაგარტყამს, როცა ასე პოზიციონირდები, შიშს ავლენ, ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ MAP-საც არ მივიღებთ - კიდეც რომ მოგცენ, არ მივიღებთ, რადგან გვეშინია. ე.ი. ჩვენ ამ პოლიტიკით მთლიანად ჩავეხსენით აქამდე არსებულ ტრადიციულ დასავლურ ვექტორს. ეს ვექტორი აღარ გვაქვს. დე ფაქტოდ აღარ გვაქვს, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, საქართველო მომავალში დარჩება მხოლოდ იმის იმედზე, რომ უკრაინაში დამარცხებული რუსეთი მას შეიწყალებს და არ დაიპყრობს, რადგან საქართველო არ იქნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ნაწილი.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა