მიხეილ დაუშვილი - ევროინტეგრაციის კუთხით რომ არაფერს აკეთებენ და ფრენების აღდგენის საკითხს აღტკინებით ხვდებიან,  ბევრ რამეზე მეტყველებს

ევროინტეგრაციის კუთხით რომ არაფერს აკეთებენ და ფრენების აღდგენის საკითხს აღტკინებით ხვდებიან, ბევრ რამეზე მეტყველებს. ამას დადებითი გავლენა ვერც უკრაინასთან ურთიერთობაზე ექნება და ვერც ევროინტეგრაციაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციონირებას, როგორც დაუშვილი აცხადებს, მთავარი პრობლემაა, რომ ხელისუფლებამ უკრაინისადმი ადეკვატური პოლიტიკური მხარდაჭერა არ გამოხატა და კითხვები გააჩინა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება გონჩარენკოს, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას ადეკვატური პოლიტიკური მხარდაჭერაც კი არ გამოუცხადებია უკრაინისთვის. უკრაინაც და ჩვენი პარტნიორებიც, რასაც პირველ რიგში ითხოვდნენ საქართველოსგან, ეს იყო ადეკვატური პოლიტიკური მხარდაჭერა. არ უნდა გაჩენილიყო ასევე კითხვები და ეჭვები, ხომ არ ეხმარება საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. ეს ორი რამ იყო მნიშვნელოვანი. „ოცნების“ ხელისუფლებამ არც ადეკვატური მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და კარგად გვახსოვს გასული წლის თებერვალში ღარიბაშვილის განცხადებებიც. რაც შეეხება იარაღის გადაცემას, საქართველოს მართებს სიფრთხილე, როცა იარაღით მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, რადგან პირველი - ეს იარაღი შეიძლება ჩვენ დაგვჭირდეს და მეორე - ჩვენი უსაფრთხოების რისკები გაზრდილია. იარაღის გადაცემაზე და სხვა საკითხებზე აპელირება არ იქნება იმ შემთხვევაში, როცა პარტნიორებთან ურთიერთობა დალაგებული გაქვს, როცა მათ საჯარო სივრციდან და ჟურნალისტების გავლით ელაპარაკები, იქ ნორმალურ პარტნიორულ ურთიერთობაზე საუბარი რთულია,“- განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის რადას წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ მადლობელი არიან ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო