ფინეთის ხელისუფლებამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-12 და უდიდესი პაკეტის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, მიკო სავოლამ განაცხადა.
მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მძიმე შეიარაღებასაც მოიცავს.
„უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება მხარდაჭერა თავდაცვით ბრძოლაში. თავდაცვითი ტექნიკის ნაკრები, რომელიც ახლა გაიგზავნება, ყველაზე დიდია იმათგან, რომელთა გაგზავნაზეც გადაწყვეტილება აქამდე მიგვიღია. ფინეთი აწვდის უკრაინას მძიმე შეიარაღებას და საბრძოლო მასალას", - აღნიშნა მიკო სავოლამ.
დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 400 მილიონ ევროს შეადგენს. უსაფრთხოების მიზეზების გამო, იარაღის მიწოდების განრიგის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.