აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი მოკავშირეებს მოუწოდებს, მთელი ძალით შეეცადონ უკრაინის მხარდაჭერას.
„ახლა არის გადამწყვეტი მომენტი. რუსეთი ახორციელებს გადაჯგუფებას, პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებას და ცდილობს ხელახლა აღჭურვას. ახლა არ არის შენელების მომენტი, ახლა კიდევ უფრო ჩაღრმავების დროა. უკრაინელი ხალხი გვიყურებს. კრემლი გვიყურებს და ისტორია გვიყურებს. არ დავნებდებით და არ ვიყოყმანებთ დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას თავი რუსეთის იმპერიული აგრესიისგან“, - განაცხადა ოსტინმა გერმანიაში, „რამშტაინის“ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე.
მისი თქმით, ამაყობს აშშ-ის დახმარების ახალი, 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტით, რომელიც, მისი თქმით, უზრუნველყოფს კიდევ მეტ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავისი ქალაქები და ცა.
„როდესაც პუტინმა დაიწყო თავისი უგუნური და არაპროვოცირებული შეჭრა 11 თვის წინ, მას ეგონა, რომ უკრაინა უბრალოდ დაეცემოდა და ფიქრობდა, რომ მსოფლიო ამას თვალს აარიდებდა, მაგრამ პუტინმა ვერ გათვალა უკრაინელი ხალხის სიმამაცე“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, გერმანიაში „რამშტაინის“ ფორმატში ნატო-სა და სხვა ქვეყნების თავდაცვის უწყებების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვიც ესწრება. მონაწილეებს ვიდეო ჩართვის საშუალებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.