IBSU-ში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა. ინფორმაციას IBSU ავრცელებს.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, დოქტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა ცენტრის გახსნაზე განაცხადა, IBSU-ში უკვე 20 წელია ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამა ფუნქციონირებს, რომელსაც პროფესორი თამარ შიოშვილი ხელმძღვანელობს.

„ქალბატონი თამარის ღვაწლისა და შრომის შედეგია, რომ დღეს უნივერსიტეტში ასეთი გამორჩეული პროგრამა გვაქვს და ამდენი წარმატებული კურსდამთავრებული და სტუდენტი გვყავს. ცენტრის გახსნით ჩვენ აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ვეხმიანებით და იმედი გვაქვს, სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, - განაცხადა რექტორმა.

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა თამარ შიოშვილს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ის წლების განმავლობაში ამერიკის საქართველოში პოპულარიზაციის მიზნით ეწევა.

ელჩმა აღნიშნა, რომ თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრის გახსნა და აქ ამერიკისმცოდნეობის საკითხების განხილვა-დისკუსიები ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.

„თამარ შიოშვილის ამერიკისმცოდნეობის ცენტრში განთავსებულია ბიბლიოთეკა, რომელიც წლების მანძილზე ამერიკისმცოდნეობის პროგრამისთვის საჩუქრად გადაცემული წიგნებით შეივსო. ცენტრში ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები საკვლევ თემებზე იმუშავებენ. იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების განხილვა ქართველ და ამერიკელ დარგის პროფესორებთან ერთად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში 2002 წელს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც 2001 წელს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, პროფესორი თამარ შიოშვილი ამერიკისმცოდნეობის კურიკულუმის დიზაინის პროგრამის ფორუმის მონაწილე გახდა. ფორუმი გულისხმობდა ამერიკისმცოდნეობის სპეციფიკური, ტრადიციული და წამყვანი პროგრამების გაცნობას და შესწავლას აშშ-ს ჯორჯ ვაშინგტონის, მიჩიგანის, ნიუ მექსიკოს, პენ სტეიტის და მემფისის უნივერსიტეტებში.

2004 წელს თამარ შიოშვილი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფულბრაიტის გრანტის მფლობელი და მკვლევარი გახდა. ამან მას საბაკალავრო პროგრამის განვითარების და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის შექმნის შესაძლებლობა მისცა, ხოლო 2007 წელს IBSU-ში საქართველოში ერთადერთი ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამაც გაიხსნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო