ვფიქრობ, რომ 2023 წელს დავოსში ვიზიტი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამორჩეულად შედეგიანად და საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით ჩვენთვის, საქართველოსთვის, რადგან პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა და ინტერესს იწვევს ინვესტორებისგან და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისგან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომელმაც დავოსში გამართულ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო.
ვიცე-პრემიერმა დავოსის ფორუმი ბიზნესშეხვედრების კუთხით ნაყოფიერად შეაფასა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით, დელეგაციამ შეხვედრები ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე წამყვან კომპანიებთან გაიმართა. მათ წარმომადგენლებთან განხილული იქნა ამ დარგებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოში არსებული მდგომარეობა.
„თითოეულმა კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობის დაინტერესება გამოთქვა. მათ ჩვენ წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული პროექტების და საქართველოს შესახებ, თუმცა, პირადი შეხვედრები, ვფიქრობ, განსაკუთრებით სასარგებლოა და აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც უკვე ინვესტიციებში აისახება.
ის ამბიციური გეგმები, რომელთა შესახებაც ჩვენ გამოვაცხადეთ და მოსახლეობას ვუთხარით წლის ბოლოს და უკავშირდება განახლებულ სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე ენერგეტიკის სფეროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უფრო მეტი უცხოური კომპანიის საქართველოში მოღვაწეობას, ვფიქრობ, რომ დავოსის შეხვედრების შედეგად, კიდევ უფრო ხელშესახები იქნება და გააქტიურდება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.