ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ცივილიზებული სამყარო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ოთხწლიან საქმეს, აღიარებს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნის მაგალითს

პარტია „ლელოს" გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მთელი ცივილიზებული სამყარო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ოთხწლიან საქმეს, აღიარებს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნის მაგალითს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებთან აღნიშნა, მოსამართლე გიორგი არევაძემ საქმის ბრალდებულები თაღლითობაში აბსურდულად დაადანაშაულა, იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" დავალება შეესრულებინა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მიზანს ვერ მიაღწია და რეპუტაცია თავად მათ შეელახათ.

"მე მინდა ვისაუბრო არა მოლოდინზე, არამედ ამ ოთხწლიან ისტორიაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას, მის რეპუტაციასა და ჩვენს სასამართლოს უზარმაზარი ზიანი მიაყენა. მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ოთხწლიან საქმეს, რომელშიც ჩვენც გვდევნიან, აღიარებს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ოპონენტების დევნის მაგალითს. ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში ჩვენი დევნის შესახებ ორჯერ აღნიშნა, ასევე, მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებაც. ჩვენს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ დღეს სასამართლო და პროკურატურა მათ ხელშია. მათ შეუძლიათ ეს არასასურველი ხალხის დევნისათვის გამოიყენონ, მაგრამ როდესაც სრულიად ცივილიზებულ სამყაროს უპირისპირდებიან, ამ ბრძოლაში უსამართლო მხარე ყოველთვის დამარცხდება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უსამართლობის მხარესაა და ეს კონკრეტული საქმე, რომელიც პირდაპირ შეთხზულია და გამორჩეულია თავისი აბსურდულობით, უკვე ოთხი წელიწადია მიმდინარეობს. თაღლითობაში დაგვდეს ბრალი და ამ თაღლითობის შედეგად ჩვენ დავზარალდით. ასეთი აბსურდული რამ განაცხადა მოსამართლე არევაძემ, იმისთვის, რომ შეესრულებინა დავალება, რომელიც მან "ქართული ოცნების" ოფისიდან მიიღო. "ფულის გათეთრება" იმდენად არარეალური ბრალდება იყო, რომ თავადაც ვერ შეძლეს დამტკიცება და შემდეგ "თაღლითობა" მოიგონეს. მიუხედავად ამ დევნისა, მათ თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს. რეპუტაციულად მხოლოდ "ქართული ოცნება" დაზიანდა", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის საქმის განხილვის ბოლო, დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა