შუა დერეფნის მნიშვნელობა: შეუფასებლობა დაუშვებელია, გადაფასება – შეუძლებელი (მეორე ნაწილი)

იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი

შუა დერეფნის შემდგომი ხელშეწყობისათვის

ზემოთ უკვე ვახსენეთ ის პრობლემური საკითხები, რომელთა მოწესრიგებაც აუცილებელია შუა დერეფნის პროექტის გაშვებისა და წარმატებული ოპერირებისათვის. ასევე ვახსენეთ და მოკლედ დავახასიათეთ ცალკეული მსხვილი კატეგორიის გამოწვევაც.

ფაქტია, რომ ამ მხრივ სამუშაო პროცესი პროგრესირებს და ამ წუთისათვის, სტატუსიც საკმაოდ დამაიმედებელია. ასე მაგალითად, გრძელვადიან პერსპექტივაში რიგი საკვანძო ასპექტების გადაწყვეტას მიეძღვნა საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრების მიერ ე.წ. „საგზაო რუკის“ ხელმოწერა. მაგისტრალური საკითხების პარალელურად, აღნიშნული დოკუმენტი ტრანზიტისათვის ე.წ. ვიწრო ადგილების აღმოფხვრას და კასპიისა და შავი ზღვის რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასამართად მოქმედებათა უკეთ კოორდინაციას ეძღვნება.

კონკრეტული ხელშემწყობი ფაქტორების კვალდაკვალ, აუცილებელია აღინიშნოს პროექტის მხარდამჭერი საერთო განწყობაც. ასეთი ფონი, პირდაპირი თუ ირიბი ქმედებებითა თუ განცხადებებით გამოხატული, არანაკლებ წონადია, ვიდრე ამა თუ იმ პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ასე მაგალითისათვის, თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭომ შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალისა და მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას განსაკუთრებული როლი მიანიჭა. მეტად ნიშანდობლივია ყაზახეთის ხელისუფლების გასული წლის ივლისში გაკეთებული ცალსახა მოწოდება, რომ ყაზახურმა კომპანიებმა რუსული მარშრუტის ალტერნატივები ეძებონ.

შუა დერეფნის ქმედუნარიანობას, ასევე, ამყარებს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება ბუნებრივი აირის ევროპულ ბაზარზე მიწოდების გაორმაგების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიწოდება, პრაქტიკულად, ცალ–ცალკე განწესებული კომუნიკაციებით - ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული მილსადენებით იწარმოებს, მათი ჯამური ეფექტი ისევ და ისევ რეგიონზე გამავალი შუა დერეფნის სიმტკიცეს მოემსახურება.

პროექტის ხელშემწყობ გარემოებებზე საუბრისას საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი ციფრული კონტენტით გამრავალფეროვნების გეგმა. შუა დერეფნის გაციფრულებისაკენ მიმართული ახალი ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა პროექტს აბსოლუტურად სხვა განზომილებაში გადაიყვანს, მას გრძელვადიან კონკურენტუნარიანობასა და მაღალი ხარისხის კომერციალიზაციას შესძენს. შუა დერეფნის ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვას უმიზნებს ის „საგზაო რუკა“, რომელიც, როგორც ვთქვით, უკვე ხელმოწერილია და შუა დერეფნის მარშრუტის გასწვრივ ტექნოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებას, შესატყვისი ალგორითმების დანერგვასა და ინფრასტრუქტურული და საოპერაციო შესაძლებლობების განვითარებას გულისხმობს.

ბოლოდროინდელი პროცესები განახლებულ მიდგომას მოითხოვს დასავლეთისაგანაც. რეგიონისაკენ შემობრუნების არაერთი მაგალითი იკვეთება (ასეთია თუნდაც ევროკავშირის ორი მილიარდი ევროს პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის (აზერბაიჯანთან ერთად) ფორმატში სატრანსპორტო თანამშრომლობის გასაღრმავებლად), თუმცა, ასეთი შემობრუნება უფრო თანმიმდევრულ პოლიტიკას და მეტ ინვესტირებას მოითხოვს. ამ ეტაპის თანამშრომლობის პრიზმაში მეტად სასურველი იქნება აგრეთვე მიზნობრივი პროგრამები შავი და კასპიის ზღვების ბაზრების ინტეგრაციისა და ტრანსსასაზღვრო პროექტებისათვის თამაშის წესების უნიფიკაციისათვის.

და კიდევ ერთი მოსაზრება, ამჯერად უფრო ობიექტურ მოცემულობასთან დაკავშირებული: არც ჩინეთს და არც თურქეთს - შუა დერეფნის პროექტის ორ საკვანძო აქტორს - რუსეთზე ტვირთნაკადში დამოკიდებულების დიდი სურვილი არ უნდა ჰქონდეთ. თუ რატომ, ესეც დიდ წილად იმით აიხსნება, რომ ჩინეთი ცენტრალურ აზიაში რუსული პოზიციების გაძლიერების წინააღმდეგია, ხოლო თურქეთისათვის რუსეთთან თანამშრომლობა მხოლოდ ტაქტიკური, ე.წ. „ ქორწინება მოხერხებულობისათვის“ (marriage for convenience) მოტივითაა ნაკარნახევი.

ახალი შინაარსი, ახალი განზომილება

სტატიაში ვახსენეთ, რომ ჩვენს რეგიონს მოვლენების სწრაფი, შემჭიდროებულ ვადებში განვითარება და ცვლილებები ახასიათებს. შორს რომ არ წავიდეთ, დროის იმ შედარებით მოკლე პერიოდის აღნიშვნაც კმარა, რაც ამ სტატიის დაწერის ჩანაფიქრიდან მის გამოქვეყნებამდე გავიდა. მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში ორი ისეთი ფუნდამენტური პროექტი დაანონსდა, რომელიც პირდაპირ და გრძელვადიან გავლენას მოახდენს, როგორც შუა დერეფნის ახალი შინაარსით შევსებაზე, ისე ჩვენი რეგიონის ახლებურ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებაში მოქცევაზე.

აქედან ერთი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი – თავიდან ბოლომდე ქართული „წარმომავლობის“ პროექტია, რომლის მშენებლობა და ამოქმედება ფართო ეკონომიკურ სურათში საქართველოს მაღალი ხარისხით ინტეგრირების მომასწავებელია. გაცხადებული ინიციატივის სარწმუნოობის საფუძველია სახელმწიფოს მზაობა მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობაში. ეს არის დამაჯერებლობისა და მყარი განზრახვის სიგნალი არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საერთაშორისო აუდიტორიის მისამართითაც, რაც, წესით, ყოველგვარ ყოყმანს თუ ეჭვს უნდა აცამტვერებდეს. დანარჩენს, ცხადია, უახლოესი დრო გვიჩვენებს, ვინაიდან ანაკლიის პროექტის რეალიზებას არაერთი ობიექტური თუ სხვა შესაძლო დაბრკოლების გადალახვა მოუწევს.

მორიგი ინიციატივა, რომელიც სულ ახლახან დაანონსდა და რომელსაც ღრმა გავლენა ექნება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი. მის მრავალგანზომილებიან სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ბევრი ითქვა. თუმცა აღნიშნული პროექტის რეგიონალური გავლენის გათვალისწინებით, ამ თემასთან კვლავდაკვლავ მიბრუნება და მისი ხაზგასმით აღნიშვნა არასდროს ზედმეტი არ იქნება. ჩვენც ამ სტატიაში რამდენიმე კრიტიკული ასპექტის ხაზგასმა გვსურს. ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე არაერთგზის ითქვა, ზოგს კი ახლებური აქცენტებით ჩამოვაყალიბებთ. კერძოდ,შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი: (1) განაპირობებს სუფთა ენერგიაზე გადასვლას; (2) ხელს შეუწყობს ეკონომიკის დეკარბონიზაციას; (3) გახდება შავი ზღვის ორი უკიდურესი ნაპირისა და კასპიის ზღვის დამაკავშირებელი კომუნიკაცია; (4) შექმნის საფუძველს საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად გადაქცევისა და ქვეყნის ევროკავშირის ელექტროენერგიის ბაზართან ინტეგრირებისა; (5) დაასტიმულირებს ქართულ ენერგეტიკაში ახალ ინვესტიციებს და, ამასთანავე, სოციალური ფონის გაუმჯობესებას; (6) ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მიწოდების ზრდასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას დაეხმარება რეგიონში მისი, როგორც არამარტო სატრანზიტო დამაკავშირებლის, არამედ კონტრიბუტორის როლის უკეთ პოზიციონირებაში; (7) ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ერთად ქმნის საფუძველს მეტი ქართული უსაფრთხოებისათვის; (8) ურთიერთდაკავშირებულობისა და ურთიერთდამოკიდებულების დამატებითი მძლავრი სარტყლის ამოქმედებით შექმნის ახალ მოტივაციას რეგიონში სტაბილურობისა და გართულებების პრევენციისათვის.

პრაქტიკულად, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი მონაწილეობა საქართველოს ეხმარება საკუთარი ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის - ქვეყნის ფუნქციონალური საჭიროებისა და პრაქტიკული სარგებლიანობის განახლებაში. რეალური ფუნქცია ხომ ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ის უმთავრესი ამოსავალი პრინციპია, რომლის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია. ამდენად, გასული საუკუნის გახმაურებული პროექტების (ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი) შემდეგ, ელექტროკაბელისა და ანაკლიის პროექტები ქვეყნის გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად ოპტიმალური პოზიციონირების შემდგომი რიგის ინდიკატორებია. ამდენად, შესატყვისი ნების დემონსტრირების გზადაგზა, ჯერი ახლა ჩვენს საერთო-ეროვნულ მზაობასა და კონკრეტული ვალდებულებების სათანადო შესრულებაზეა: ვაქციოთ ეს პროექტები (როგორც სხვა, შესატყვისი პროფილის ინიციატივები) რეალურ, პრაქტიკულ სარგებლად.

მეტი ვიდრე პროექტი

ამ სტატიაში მოყვანილი მოსაზრებებით თუ შეფასებებით, ვფიქრობთ, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენეთ შუა დერეფნის პროექტის მრავალშრიანი და მრავალწახნაგიანი დანიშნულება. პრაქტიკულად, დერეფნის მთელი ხაზის გასწვრივ იგეგმება არა მხოლოდ გადაზიდვებისა თუ ტრანზიტისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული ლოგისტიკის გამართვა, არამედ პროექტის მონაწილე ქვეყნებს შორის თვისობრივად სხვა, თანამედროვე მოთხოვნებს მისადაგებული, კოორდინაციის ფორმატის ამუშავება. ახალი მსოფლიოს პირობებში, რომელშიც მოვლენათა პროგნოზირებისა და სიცხადის დიდი დეფიციტია, მიზნობრივი თანამშრომლობის ინიციატივებს ამ დეფიციტის შემავსებელი, ერთგვარი საკომპენსაციო როლი შეუძლიათ იკისრონ. სხვა საშუალებებთან ერთად, მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი მიზნობრივი პროექტებით არის შესაძლებელი ე.წ. რეგიონალური დაქსელვის (hub-and-spoke) ტენდენციის ფონზე წარმოქმნილი მსხვილი ეკონომიკური ჰაბის თვითმყოფადი ფუნქციონირება, დანარჩენ მსხვილ ჰაბებთან ურთიერთმიმართება და ურთიერთკავშირი.

შუა დერეფნის პროექტით შეკავშირება, ფაქტობრივად, თავისებური ჰაბია. მისი ექსპლუატაცია, სხვადასხვა მიკროამოცანასთან ერთად, ორ მსხვილ მიზანს ემსახურება: (1) დერეფნის ამოქმედებით ეკონომიკურ-სოციალური ფონის გაუმჯობესებას, კეთილდღეობის ზრდის ხელშემწყობი სარტყლის აღმოცენებას და (2) დერეფნის დიდ გეოგრაფიულ არეალში „ენჯელიზმის“ კონცეფციის (მისი ავტორის, ნორმან ენჯელის მოსაზრების თანახმად) ერთგვარი რეინკარნირების მცდელობას, როდესაც ქვეყნებს შორის თავისუფალმა ვაჭრობამ და მეტმა ურთიერთდამოკიდებულებამ, თითქოსდა, ომისა და კონფლიქტების ალბათობა მკვეთრად უნდა შეამციროს.

„ეკონომიკის გზით მშვიდობის“ მისაღეწევად აღნიშნული მიდგომა იმდენად საინტერესოა, რამდენადაც აქტუალური და წინააღმდეგობრივი. შუა დერეფნის პროექტიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ფართო დიაპაზონში მოექცევა. პროგნოზებში წლებით წინ „გაქცევაც“ ამ მომენტისათვის არასერიოზული სავარჯიშო იქნება. თუმცაღა, უკვე შესაძლებელია აღინიშნოს ის რამდენიმე ცვლადი, რომელიც გავლენას მოახდენს შუა დერეფნის პროექტის მიმდინარეობაზე. დიდი სურათში ასეთი ცვლადი ფაქტორების ჩამოთვლით რომ არ დავკავდეთ, კონკრეტულად შავი ზღვის დიდ რეგიონში მიმართებაში ესენია: (ა) აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა დინამიკა; (ბ) თურქეთის განახლებული როლი რეგიონში; (გ) აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ალბათობა, და (დ) თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების პერსპექტივა.

ფაქტია, რომ შუა დერეფნის პროექტი დამატებით ცხადყოფს, რომ მისი დაფარვის გეოგრაფიულ არეალში პროცესები ახლებურ ეტაპს მიუახლოვდა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა პროექტის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და კომპლექსურ - შავი ზღვის რეგიონში. აქ უკვე არათუ ეტაპზე, არამედ ერთგვარ ისტორიულ გზაგასაყარზეც შეიძლება ლაპარაკი. ცხადია, რომ ყველას გვსურს მოვლენებმა სწორი, ქართული ინტერესებისათვის მისაღები განვითარება პოვოს. ამას კი როგორც იღბლიანი ობიექტური ფაქტორები, ისე სუბიექტურად ჩარევა სჭირდება. ის რაც უდავოა, და ამ დროისათვის დამახასიათებელიც, არის ცვლილებათა სწრაფი ტემპი, ზედმეტად გაჭიანურების გარეშე. ამდენად, ამ წლის ბოლოსათვის სრულიად შესაძლებელია, რომ სტატიაში აღნიშნული არაერთი დაშვება პრაქტიკულად მატერიალიზდეს, ხოლო ესა თუ ის დათქმა კონკრეტულ გარემოებად იქცეს.

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს