ანა ნაცვლიშვილი - განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება - 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი

საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს. 2000-ზე მეტი სკოლა კი, დირექტორის გარეშეა, განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება, რითაც ზიანდებიან მოსწავლეები, მათი ოჯახები და მასწავლებლები. დასტურდება, რომ კვლავ შენარჩუნებულია სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მექანიზმები. ამის თქმის საშუალებას ოფიციალური ინფორმაციის ანალიზი იძლევა, - ამის შესახებ „ლელოს“ საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს.

მისივე განმარტებით, რამდენიმე კვირის წინ სადეპუტატო კითხვით მიმართა სამინისტროს და ოფიციალური პასუხი მიიღო, რითაც დასტურდება, რომ ორ წელიწადზე მეტია, სკოლებს, ყოველგვარი დასაბუთების და კრიტერიუმების გარეშე, მინისტრის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ, საქართველოს მასშტაბით კი, ასეთი 2000-ზე მეტი სკოლაა.

ამასთან, როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, 21 000-ზე მეტმა მოსწავლემ ეს სასწავლო სემესტრი კვლავ ვერ დაიწყო საკუთარ სკოლაში, საქართველოში 40-ზე მეტ სკოლას, გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოების გამო, სხვა სკოლებში და ალტერნატიულ შენობებში უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა.

მისივე შეფასებით, ეს სერიოზული პრობლემაა, როგორც შენობის გარეშე დარჩენილი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე მიმღები სასწავლო დაწესებულებებისთვის, სადაც იძულებულნი არიან სწავლა ორ ცვლაში წარმართონ.

„განათლების სისტემაში და სკოლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დეპუტატმა უკვე მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს, უწყებას, ვინც პასუხისმგებელია რეაბილიტაციის პროცესსა და შესაბამის ტენდერებზე, ასევე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოთხოვნით, მიმდინარე წელს განახორციელოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების პროცესის აუდიტი.

პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ, ანა ნაცვლიშვილმა წერილობით მიმართა მინისტრს და წარუდგინა რეკომენდაციები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას აღნიშნული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.

დეპუტატის განცხადებით, ის აქტიურად გააგრძელებს საკითხზე სადეპუტატო ზედამხედველობას და ასევე კომუნიკაციას ყველა პასუხისმგებელ პირთან ამ გამოწვევების აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად