მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება იმდენად მწვავე გახდა, გამოირიცხა ყოველგვარი შესაძლებლობა, რომ ეს პარტია დარჩეს ისე, როგორც არის - ამის შემოქმედია ყველა დაჯგუფება, ვინც კონფრონტაციაში შევიდა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება იმდენად მწვავე გახდა, გამოირიცხა ყოველგვარი შესაძლებლობა, რომ ეს პარტია დარჩეს ისე, როგორც არის და ამ სახით გააგრძელოს მოღვაწეობა - ამის შემოქმედი არის პარტიის შიგნით ყველა ის დაჯგუფება, ვინც ამ კონფრონტაციაში შევიდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მნიშვნელობა მხოლოდ პარტიის შიგნით არსებული ჯგუფების მერკანტილური ინტერესებისთვის აქვს.

„არ მგონია, შიგნით [„ნაციონალურ მოძრაობაში“] მიმდინარე მოვლენები დიდად მნიშვნელოვანი იყოს, მათ შორის, არ მგონია, რომელიმე მხარის გამარჯვება იყოს რაიმე მნიშვნელობის მქონე ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებისთვის. ამ საკითხს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების მერკანტილური ინტერესებისთვის იმ კუთხით, თუ ვინ როგორ მოეწყობა ამ პარტიაში - ვის მოუწევს წასვლა და ვინ დარჩება. მხოლოდ ამაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს. რაც შეეხება დაპირისპირების მასშტაბს, დაპირისპირება იმდენად მწვავე გახდა, გამოირიცხა ყოველგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს პარტია დარჩეს როგორც არსებული და ამ სახით გააგრძელოს მოღვაწეობა. ამის შემოქმედი არის პარტიის შიგნით ყველა ის დაჯგუფება, ვინც ამ კონფრონტაციაში შევიდა.

ამ დაპირისპირების პროცესში საზოგადოებისთვის ბევრი რამ გახდა თვალსაჩინო. ის, რაც, შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფილიყო, უდავო გახდა. ახლახან გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ ბრალდებებით გამოდიოდა, ახლა კი, როგორც ირკვევა, თვითონ ამ პარტიის წევრებსაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ერთმანეთის მიერ გაკეთებულ ავ საქმეებს, ხელისუფლებას აწერდნენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ნონა მამულაშვილისა და გიორგი ხვედელიანის ინიციატივას იმის თაობაზე, რომ ხალხს ჰკითხონ, დატოვოს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი, სარჯველაძე ამბობს, რომ ამით მამულაშვილი ცდილობს, პარლამენტის დატოვების შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება გაამართლოს.

„ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ როდესაც დეპუტატი არჩეულია პარლამენტში, მისი მხრიდან არანაირი მიზეზი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ზურგი აქციოს არა უბრალოდ პარლამენტს, არამედ საკუთარ ამომრჩეველს. მიღებული ხმები და მხარდაჭერა დეპუტატისთვის მინიჭებული პრივილეგია კი არა, ვალდებულებაა, რომ შემოვიდეს პარლამენტში და მისი ხმებიდან გამომდინარე არსებულ მასშტაბში იყოს შეუპოვარი, დაუღალავი და მშრომელი, რათა ფუნქცია შესრულდეს. სხვა პრობლემაა, როდესაც ქართულ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომელთაც დიქტატურის მიღმა, ძალაუფლების და მართვის გარდა სხვა ფუნქცია არაფრად მიაჩნიათ დემოკრატიულ სამყაროში. ეს არის პრობლემა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ისინი პარლამენტში მუშაობაში საკუთარ ფუნქციასა და როლს ვერ ხედავენ, ასეთია მათი ბუნება. მამულაშვილის ეს განცხადება არის მის მიერ დაშვებული შეცდომის გამართლების ერთგვარი მცდელობა. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ვერავინ მოუწონებს და ცდილობს, რაც შეიძლება დიდი სიმრავლე შექმნას. ასევე ეს არის იმ საბოტაჟის გამეორების მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ასევე მაშინ, როდესაც არჩეული იქნა 2020 წელს საქართველოს პარლამენტი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო