უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ბროვარიში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად შსს-ს დაღუპულ წარმომადგენლებს დაემშვიდობნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური და გამოცემა “ინტერფაქს-უკრაინა” ავრცელებს.
ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა, პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
„ტკივილი გვივსებს გულს. ენით აუწერელი სევდა ფარავს სულს. უკრაინა ყოველდღე კარგავს თავის საუკეთესო შვილებს. გმადლობთ თქვენი მნიშვნელოვანი და ღირსეული მუშაობისთვის უკრაინის საკეთილდღეოდ. თქვენ სამუდამოდ ხართ ჩვენს გულებში. მარადიული ხსოვნა!” დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
ცერემონია "უკრაინულ სახლში” გაიმართა, სადაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, კოლეგები და ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის მონაწილეობით ცერემონიამ გამოსვლების გარეშე ჩაიარა, მხოლოდ გარდაცვლილების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაციით.
ცნობისთვის, 18 იანვარს კიევის ოლქის ქალაქ ბროვარისთან საბავშვო ბაღის მახლობლად ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი ხელმძღვანელობა შეეწირა: შსს-ს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი, შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, ასევე მინისტრის დაცვის წევრები.