ანა ნაცვლიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია საკმაოდ ჭრელია და ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, ფართო კონსენსუსი გვაქვს 12 პუნქტის ირგვლივ - ვინც არღვევს კონსენსუსს და ხელს უშლის ნაბიჯების წინ გადადგმას, ეს მმართველი პარტიაა

ეს 12 პუნქტი არის ის საკითხები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას სჭირდება იმისთვის, რათა დავლაგდეთ და იმისთვის, რომ ადამიანები ჩემოდანზე არ ისხდნენ - დღეს პარლამენტს რაც უნდა გაეკეთებინა 12 პუნქტთან დაკავშირებით, უდიდესი ნაწილი არ არის გაკეთებული, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერი ან თავს იტყუებს ან კომპეტენცია არ ჰყოფნის, რომ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში თავად გაერკვეს, რადგან მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „12 პუნქტი, რომელიც განისაზღვრა საქართველოსთვის, ზედმიწევნით არის შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ“, ნაცვლიშვილის შეფასებით, არის მტკნარი სიცრუე.

„12 პუნქტის შესრულება და ევროკავშირში შესვლა ამისთვის გვჭირდება, რომ გარანტირებული მშვიდობა და გარანტირებული კეთილდღეობა ჰქონდეს ამ ქვეყანას. რა კეთდება?! - მე არ ვიცი, პრემიერი ასეთი მასშტაბით თავს ატყუებინებს თავის თანამშრომლებს, ვინც მას ინფორმაციას აწვდის და უნდა, რომ ამ ტყუილში იცხოვროს, თუ კომპეტენცია არ ჰყოფნის თუ ორივე ერთად, რომ თვითონ გაერკვეს ამ საკითხებში, მაგრამ მისი ეს განცხადება არის მტკნარი სიცრუე. დღეს პარლამენტს რაც უნდა გაეკეთებინა, უდიდესი ნაწილი არ არის გაკეთებული. არ არის გაკეთებული ერთადერთი პოლიტიკური ძალის გამო. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია არის საკმაოდ ჭრელი, მრავალფეროვანი და ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, ჩვენ ძალიან ფართო კონსენსუსი გვაქვს ამ 12 პუნქტის ირგვლივ. ვინც არღვევს ამ კონსენსუსს და ხელს უშლის ნაბიჯების წინ გადადგმას, ეს არის მმართველი პარტიის პოზიცია პარლამენტში. მაგრამ მცდელობა აქვს ღარიბაშვილსაც, კობახიძესაც და ზოგადად „ქართულ ოცნებას“, რომ ამ 12 პუნქტის შესრულება ჩაკეტოს მხოლოდ საპარლამენტო სივრცეში. პარლამენტმა რაც არ უნდა კარგი კანონები მიიღოს, ღარიბაშვილი ისეთ განცხადებებს თუ გააკეთებს, როგორითაც გამოირჩევა ხოლმე, არანაირი 12 პუნქტის შესრულება არ დადგება ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ. აღმასრულებელი ხელისუფლება რას აკეთებს, რა განცხადებებს აკეთებს და რა ნაბიჯებს დგამს, ისევე როგორც სასამართლო ხელისუფლება, ისევე შეფასდება, როგორც პარლამენტის მუშაობა. ამიტომ, ეს არ არის, რომ პარლამენტმა უნდა იმუშაოს - როგორც კონკიას დაუყარეს გასარჩევად მარცვლები. აღმასრულებელი ალთას თუ იქნება და პარლამენტი ბალთას, ამით არ შესრულდება 12 პუნქტი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ოპოზიციასაც უყურებს და იმისთვის, რომ მან ხელი არ ჩაიქნიოს საქართველოზე, ოპოზიციის პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მე არ მაქვს მაღალი მოლოდინი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ მე ჩემს თავს ვუყენებ პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ ევროპა ჩვენც გვიყურებს - აბა ოპოზიცია რას აკეთებს. თუ ამ ხალხმა საერთოდ ჩაიქნია საქართველოზე ხელი და თქვა, რომ მმართველი ძალა არ მუშაობს და ხელს უშლის ევროინტეგრაციას, მაგრამ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიც არ არის, არც კონსენსუს უნარიანი, არც რეფორმის უნარიანი, არც ინტელექტუალური, არც სხვა ტიპის შესაძლებლობები არ აქვს, ხვალ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში ამ ტიპის რეფორმები გაატაროს, მაშინ თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მძიმე იქნება ევროკავშირის შთაბეჭდილება და შესაბამისად მისი გადაწყვეტილება?!“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა