ჩვენს სკოლებში ბავშვებს შიათ და ეს დასტურდება არაერთი კვლევით,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კვება სკოლებში არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა.
„მშიერი ბავშვი რას მოისმენს, რას გაიგებს და სახლში რას წაიღებს იქიდან?!“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სხვა პრობლემათა შორის ისიც იკვეთება, რომ საქართველოს დაახლოებით 2000 სკოლას წლების განმავლობაში არ ჰყავს დირექტორი, მთელ რიგ სკოლებში კი კვლავაც გრძელდება ონლაინ სწავლება, რაც მშობელთა შეფასებით, ძალიან დაბალი ხარისხისაა.
„სიმართლე გითხრათ, რეალობა, რომელიც განათლების სისტემაში დავინახე, იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე თავიდან წარმომედგინა. მაგალითისთვის, დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში 2000-ზე მეტ სკოლას დირექტორი არ ჰყავს და ეს არის წლების ამბავი. დანიშნული სრულუფლებიანი შესაბამისი დაცვის გარანტიებით აღჭურვილი დირექტორი, მხოლოდ 9 სკოლას ჰყავს. წარმოუდგენელია წლები შეფერხებული იყოს სრულუფლებიანი პირის დანიშვნა განათლების სისტემაში. როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში გვყავს მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც ერთპიროვნულად, ყოველგვარი კონკურსის, შეჯიბრის, კრიტერიუმის გარეშე დანიშნა მინისტრმა გაურკვეველი ვადით და ნებისმიერ დროს შეუძლია ეს ადამიანი მოხსნას, ვის სჯერა, რომ ასეთი მოწყვლადი მოვალეობის შემსრულებელი შეძლებს სკოლაში არსებულ პრობლემებზე სამინისტროსთან ღიად და პრინციპულად ისაუბროს?!“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, მთელ რიგ სასწავლო დაწესებულებებში კი სარემონტო სამუშაოები გაჭიანურებით მიმდინარეობს, რადგან სარემონტო სამუშაოების შემსრულებელი კონტრაქტის ვადებს ვერ იცავენ.
„ბავშვებს სჭირდებათ თანამედროვე და უსაფრთხო გარემო. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ არემონტებენ, უნდა გაარემონტოს სახელმწიფომ სკოლები, მაგრამ ეს პროცესი არის იმდენად თვითდინებაზე მიშვებული და არაეფექტიანად იმართება, არაეფექტიანად კონტროლდება, რომ ჩაიხედავთ ხელშეკრულებებში აღმოაჩენთ, რომ კომპანიამ, რომელმაც ვერ შეასრულა დათქმულ ვადაში სამუშაოები გაუხანგრძლივეს მრავალი თვით ხელშეკრულება არაერთხელ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.