ბაჩო დოლიძე - არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში ერთ მუშტად შეკრული გუნდი ეყოლება - დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში ნიკა მელია გაიმარჯვებს და ყველაფერი პირველ ტურში დასრულდება.

როგორც ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, არსებობენ გამცხრილავი ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერ სხვა პარტიასთან ასოცირებულ რეგისტრირებულ ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლებას ჩამოართმევენ.

„დარწმუნებული ვარ, ბევრ გარეშე პირს ექნება სურვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებზე დარეგისტრირდეს. ამისათვის წესი შევიმუშავეთ. არსებობს გამცხრილავი ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ. ის ადამიანები, რომლებიც იდენტიფიცირდებიან და გაიგივდებიან რომელიმე სხვა პარტიასთან, გამცხრილავი ჯგუფების მიერ ხმის მიცემიდან ამოვარდებიან. ჯგუფები ყველა პარტიის მომხრეებით არის დაკომპლექტებული. ყველას მინდა ვთხოვო, მაქსიმალურად ეცადონ, ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში არჩევნების დისკრედიტაცია არ მოახდინონ.

არჩევნები მართლა ძალიან უდროოდაა ჩანიშნული, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ ის მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩატარდეს.

არჩევნების რეგისტრაციის პროცესში ხარვეზები არ არის. არის მხოლოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამომრჩეველმა პროგრამაში დასარეგისტრირებლად უნდა გაიაროს. ჩვენ გვჭირდებოდა ისეთი პლატფორმის შემუშავება, რომელიც გაუტეხელი იქნებოდა. ამ ეტაპზე 35 000 ამომრჩეველია დარეგისტრირებული იმ ფონზე, როცა წინა თავმჯდომარის არჩევნებში დაახლოებით 27 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აუცილებელი პირობაა, რომ ამომრჩეველს "ფეისბუქი" ჰქონდეს. "ფეისბუქის" პროფილებით გადამოწმდება, არიან თუ არა ამომრჩევლები სხვა პარტიის მხარდამჭერები.

არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში ერთ მუშტად შეკრული გუნდი ეყოლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს, მაგრამ სხვა შემთხვევაშიც, ერთი გუნდი იქნება, რომელიც იმავეს არ იზამს, რასაც აქამდე აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ასევე, მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, დატოვებს თუ არა ვინმე „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების დასრულების შემდეგ. ბაჩო დოლიძის თქმით, გამარჯვებული კანდიდატი პარტიის მოწინავე ხაზს მისთვის სანდო ადამიანებით დააკომპლექტებს, თუმცა ეს არ იქნება იმის მიზეზი, რომ ვინმე პარტიიდან წავიდეს.

„მეორე ტურის ალბათობა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული, არსებობს, თუმცა პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი პირველ ტურში დამთავრდება. ბუნებრივია, გამარჯვებული კანდიდატი წინა ხაზზე დააკომპლექტებს გუნდს, რომელსაც ენდობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეს გარიცხავს და ვინმე პარტიას დატოვებს“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო