ფინანსთა მინისტრი - სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა - ქვეყანას ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს მიღებული, რომ სანქციების აღსრულება ხდება იმ სტანდარტით, რაც დადგენილია

არანაირი საფუძველი, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება, არ არსებობს - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბროსას განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს მის პარტნიორებთან.

ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანას ბევრი მადლობის წერილი აქვს მიღებული ღონისძიებებისთვის, რასაც ახორციელებს იმისთვის, რომ სანქციების აღსრულება დადგენილი სტანდარტით მოხდეს.

„სანქციების აღსრულების ნაწილში, როგორც საფინანსო სექტორის, ასევე ვაჭრობის ნაწილში, საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს იმ ღონისძიებებში, რა ღონისძიებებსაც საქართველო ახორციელებს. ამ ნაწილში მე შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან - როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია. ძალიან ბევრი მადლობის წერილი აქვს საქართველოს მიღებული იმ ღონისძიებებისთვის, რაც განხორციელებულია ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ სანქციების აღსრულება მოხდეს იმ სტანდარტით, რაც დადგენილია. შესაბამისად, ამ ნაწილში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს ამ მიმართულებით, როგორც საბაჟოს ვაჭრობაში, ასევე საფინანსო მიმართულებით, საბანკო სექტორთან მიმართებით, ადგილზეა და შესაბამისად, ეს ღონისძიებები ტარდება. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ, ასევე, იმ ორგანოებთან და იმ სააგენტოებთან, რომელიც ახორციელებს შესაბამის კონტროლს როგორც ევროკავშირში, ასევე დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, რომელთაც უშუალოდ აქვთ დაწესებული სანქციები და შესაბამისად, ეს კომუნიკაცია, ის ღონისძიებები, რაც საქართველომ გაატარა, იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ საქართველოში ტურიზმი და ექსპორტი უფრო მეტად გაიზარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ვიდრე რუსეთთან მიმართებით.

„მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის ზრდა გაცილებით მაღალი იყო რუსეთის გარეშე, ვიდრე რუსეთთან ერთად. ანუ მთელ მსოფლიოსთან ექსპორტი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე გაიზარდა რუსეთთან მიმართებით. ასევე მთელ მსოფლიოსთან მიმართებით ტურიზმი გაიზარდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს რუსეთთან მიმართებით დაფიქსირდა. შესაბამისად ამ ნაწილში უმჯობესია, რომ დავეყრდნოთ ოფიციალურ სტატისტიკას და არსებული სტატისტიკიდან გამოვიტანოთ დასკვნები“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო