ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ - პირველ რიგში, ეს ეხება ბატონ ვაშაძეს, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ხელისუფლებას სჭირდება, ეს კაცი ჯობია, საერთოდ არ გაინძრეს

პარტია „საქართველოსთვის“ არ იქნება იმ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი პარტიების: „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირველ რიგში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოირჩევა იმ მოწოდებებით და ნაბიჯებით, რაც კრიტიკულ ვითარებებში „ოცნებას“ ეხმარება.

„ეს პარტია 24 თებერვალს იქნება იქ, სადაც იყო აქამდე - საქართველოს ევროპული მომავლის და ამ ქვეყნის დასავლური განვითარების, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ეს პარტია არ იქნება იმ პარტიებთან და იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. აგერ უკვე მერამდენე წელია და თვეა, ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაში, ვგულისხმობ პირველ რიგში, ბატონ ვაშაძეს, რომელთაც უკვე არაერთხელ გამოიყენეს ადამიანების გულწრფელი პროტესტი და გასულმა თვეებმა აჩვენა ეს ყველაფერი ძალიან კარგად. როცა რუსთაველის გამზირზე 100 ათასობით გულწრფელი ადამიანი იყო შეკრებილი და ქვეყნის დასავლურ განვითარებას უჭერდა მხარს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ადამიანები იყვნენ, მეც იქ ვიყავი და რომელ აქციაზეც ხან შენობებში შეჭრის მოწოდებები გაისმოდა, ხან ტექნიკური მთავრობის შექმნის მოწოდებები. ანუ ყველა ის მოწოდება და ყველა ნაბიჯი, რაც ყველა ჯერზე ეხმარებოდა „ოცნებას“ დღეს ამ როლს ასრულებს ბატონი ვაშაძე. ყოველთვის, როდესაც „ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი ხედავს, რომ ცვლილების რაღაც რესურსი გაჩნდა ასევე ყოველთვის, როდესაც ჩვენ გამოვდივართ რაღაც მნიშვნელოვანი ინიციატივით, ამის „გაფუცანებას" ცდილობს „ოცნება“ ვაშაძის მეშვეობით. ვაშაძე ყოველთვის იქ არის, სადაც „ოცნებას“ სჭირდება. 12 პუნქტთან დაკავშირებითაც ბატონი ვაშაძე იქ იყო, სადაც „ოცნებას“ დასჭირდა. დაიმახსოვრეთ, გავა გარკვეული პერიოდი და 100%-ით შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ჩვენ ისევ ვნახავთ ფრუსტრაციას, როგორი ფრუსტრაციაც ზაფხულში ვნახეთ რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, სასაცილოა „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, და „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ ეროვნულ მოძრაობის დაანონსება.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასაცილოა, რაღაც წმინდა ხომ არსებობს? ეროვნულ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ გიორგი ვაშაძე, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ეროვნული მოძრაობის ლიდერებად? - ეს ხალხი გამოვიდა უკრაინის მხარდაჭერის ინიციატივით, ასე გაშუქდა ეს ყველაფერი და მერე ჩამოდგნენ და ეროვნული მოძრაობის იდეა გააჟღერეს. მე არ ვსაუბრობ იმ პატივსაცემ ადამიანებზე, მაგალითად აკია ბარბაქაძეზე, რომლებსაც იმედი გაუცრუვდებათ იმიტომ, რომ ამ ხალხმა არ იცის არც გიორგი ვაშაძის მოტივაცია და არც ზოგზოგიერთების მოტივაცია. ვიღაცის მოტივაცია ფულია, ვიღაცის თავის ამომრჩეველთან კეკლუცია, ვიღაცისთვის საარჩევნო ქულების დაწერაა. ყოველ ჯერზე, როცა მოქალაქეებს იმედი უცრუვდებათ, ეს ყველაფერი შედის „ოცნების“ ინტერესში. ეს კაცი აფუჭებს საქმეს, ეს კაცი ჯობია საერთოდ არ გაინძრეს, იჯდეს თავის პარტიაში, სადაც არის, და „ოცნებას“ არ დაეხმაროს ამ ქვეყნის წინააღმდეგ საქმის კეთებაში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ამას გაცნობიერებულად აკეთებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი გადაცემაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას არ ატარებს და ეს რომ ასე ყოფილიყო, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად იქნებოდა გაზრდილი.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება არა თუ კითხვებს ხსნის, არამედ კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.

„კობახიძის განმარტება არათუ კითხვის ნიშნებს მოხსნის, არამედ კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ აკეთებს განმარტებას. ადამიანი, რომელიც რუსეთს მტერს ვერ უწოდებს, ადამიანი, რომელიც არის არა მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ „ოცნების“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ანტიდასავლური და სუფთად რუსული პროპაგანდის. ბუნებრივია, ამ ადამიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნდობა ვერ ექნება, როგორც მთლიანად „ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს აღარ აქვს ნდობა საერთაშორისო პარტნიორებში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო