თაზო დათუნაშვილი - კობახიძის მცდელობა, თავი დაიძვრინოს, ძალიან ჰგავს რუსული დეზინფორმაციის საშუალებებს - მის მიერ მაგალითად მოყვანილი სტატისტიკა არ იძებნება, თავიდან ბოლომდე ტყუილი იყო

პარტია ”ლელოს“ საორგანიზაციო მდივნის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის მცდელობაა, „თავი დაიძვრინოს“.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ის სტატისტიკა, რომელიც კობახიძემ გამოიყენა, არ არსებობს და არ იძებნება.

„კობახიძის მცდელობა, რომ თავი დაიძვრინოს, ძალიან ჰგავს რუსული დეზინფორმაციის საშუალებებს. კობახიძემ რუსეთთან ევროპის ქვეყნების ვაჭრობის სტატისტიკა მოიყვანა. ეს სტატისტიკა არ იძებნება. მარტივი პლატფორმაა, სადაც სწრაფად კეთდება გვერდები, ეს გვერდი წყაროდ იყო დადებული, რომელიც ახლა არ იძებნება. ეს არის დეზინფორმაციის ერთ-ერთი აქტიური მეთოდი, რომელსაც აქტიურად იყენებენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სხვა ავტოკრატიული ქვეყნები. ამის გაკეთება არის სირცხვილი, ამის გაკეთება ნიშნავს, რომ სხვანაირად თავს ვერ ვიცავთ“, - განაცხადა დათუნაშვილმა და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სტატისტიკა „თავიდან ბლომდე ტყუილი იყო“.

როგორც მან საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ ან თანამშრომლობს პირდაპირი ფორმით რუსეთის ხელისუფლებასთან, ან ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „თვალში არ ეცნენ რუსეთის ხელისუფლებას“.

მისივე განმარტებით, საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება ნეიტრალური არბიტრი.

„ჩვენი სახელმწიფო პირები, რა ლექსიკით, რა ფორმით საუბრობენ უკრაინის ოფიციალურ პირებზე, ამით დავინახავთ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ხელისუფლებას მათთან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ომშია, ორი ქვეყნის დიპლომატიური ენის დარღვევას არ ვამართლებ. ჩვენ ვართ ორი სახელმწიფო, რომელიც ერთმანეთთან თანამშრომლობს და სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამიტომ ეტიკეტი არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს. იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ოფიციალურ პირებს აქვთ, დავინახავთ, არც ისე მეგობრულ განწყობას უკრაინის მიმართ.

ან თანამშრომლობენ პირდაპირი ფორმით რუსეთის ხელისუფლებასთან, ან ყველაფერს აკეთებენ, რომ თვალში არ ეცნენ რუსეთის ხელისუფლებას. „ქართულ ოცნებას“ თუ დავუჯერებთ, რუსეთი არის ცოფიანი ძაღლი, რომელსაც ადამიანის ენა არ ესმის და უნდა მოერიდო.

როდესაც „ქართული ოცნება“ აირჩიეს ხელისუფლებაში, საარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ პრიორიტეტი იყო ევროკავშირში ინტეგრაცია და არა ნეიტრალიტეტი. ამ ქვეყნის გადარჩენა ნეიტრალიტეტში არ არის. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება ნეიტრალური არბიტრი ამ თამაშში“,- განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს მთლიანი ექსპორტის ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა, ხოლო იმავე პერიოდში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 7 პროცენტით გაიზარდა- „როდესაც კონკრეტული უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთი საქართველოდან შეტანილი საქონლით ითქვამს სულს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ტყუილია“,- წერს კობახიძე.

მისივე თქმით, საქართველოდან შეტანილი საქონელი რუსეთის 2022 წლის საერთო იმპორტის მხოლოდ 0,3 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, „სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო