ნუგზარ წიკლაური - როდესაც დავით კეზერაშვილმა გადაწყვიტა, ჩართულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ჩვენი გზები გაიყარა - თანამედროვე პოლიტიკაში ფარდის მიღმა მართვა შეუძლებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან გზები მას შემდეგ გაიყარა, როდესაც კეზერაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ცვლილება და პრესასთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრა გადაწყვიტა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, თანამედროვე პოლიტიკაში ფარდის მიღმა მართვა შეუძლებელია.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მოახლოებული არჩევნები ადამიანებს უბიძგებს მეტი ჭორაობისკენ, მეტი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისკენ. არასდროს არავის დაუმალავს, რომ დავით კეზერაშვილსა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის საუბარი იყო, რომ კეზერაშვილს სურდა მხარი დაეჭირა მისთვის. თუ რამე მხარე დაუჭერია, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაღებული დახმარება და არა პიროვნულად ვინმესთვის. როდესაც ამავე ადამიანმა [დავით კეზერაშვილი] გადაწყვიტა, რომ ჩართულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, კერძოდ, დაეწყო საუბარი თანამდებობებიდან მოეხსნათ ხალხი, როგორც ეს იყო პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას შემთხვევაში, ჩვენ ან ადამიანს მკაფიოდ გავაგებინეთ, რომ ერთია პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა და მეორეა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღება და უხეში ფორმებით ოპერირება, როდესაც ეს ამბავი მოხდა, აქ გაიყარა ჩვენი გზები. თანამედროვე პოლიტიკაში ფარდის მიღმა მართვა შეუძლებელია.

როდესაც კეზერაშვილმა გადაწყვიტა, უშუალო ზეგავლენა მოეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, აქ არ არის საუბარი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის [კობა ნაყოფია] ცვლილებაზე, კიდე სხვა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, პრესასთან ურთიერთობის პოლიტიკაზე და ა.შ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს მიუღებელია“,- განაცხადა წიკლაურმა.

კითხვაზე, რა არგუმენტით ითხოვდა დავით კეზერაშვილი კობა ნაყოფიას გადაყენებას, წიკლაური აცხადებს, ვინ უნდოდა კეზერაშვილს და რატომ ეს არის სხვა საკითხი.

„არ აქვს მნიშვნელობა რა არგუმენტები ჰქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა, ის ღიად უნდა იყოს პოლიტიკაში. ვინ უნდოდა მას და რატომ უნდოდა ეს არის სხვა საკითხი“,- აღნიშნა მან.

მან ასევე ისაუბრა “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც წერს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პირად საუბრებში უცხოელ პარტნიორებთან მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა 2008 წელს ომის დაწყებას.

წიკლაურის თქმით, მას არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ვანო მერაბიშვილი ვინმეს ეუბნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ან საქართველომ დაიწყო ომი, მაგრამ შეუძლია თქვას, რომ ვანო მერაბიშვილი აქტიურად არის ჩართული „ნაციონალური მოძრაობის“ წინა საარჩევნო კამპანიაში.

„ის არ არის დემოკრატიული გზით ჩართული იმიტომ, რომ ერთ-ერთ კანდიდატს მართავს, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკური ღირებულება არ გააჩნია. ეს არ არის ევროპული გზა. მიმაჩნია, რომ ეს აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“, წინა საარჩევნო პროცესს და ჩვენი, როგორც პროევროპული პარტიის იმიჯს.

მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვანო მერაბიშვილი ვინმეს ეუბნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ან საქართველომ დაიწყო ომი“, - აღნიშნა წიკლაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო