ბიძინა ლებანიძე - უფრო სავარაუდოა, რომ შოლცი საკუთარი პარტიის მემარცხენე ფრთას უწევდეს ანგარიშს, რომელიც საკმაოდ ძლიერია და უკრაინის იარაღით მომარაგებას ეწინააღმდეგება

ბოლო რამშტაინის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა, რომ გერმანია და საფრანგეთმა ამ ეტაპისთვის ჯერ მხოლოდ დროებით გადაიფიქრეს უკრაინისთვის ტანკების გადაცემა, მომხდარის სავარაუდო მიზეზებსა და იმაზე, სავარაუდოდ ბერლინი და პარიზი გადასცემენ თუ არა ტანკებს უკრაინას, ამ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ილიაუნის ასოცირებულ პროფესორს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარს, ბიძინა ლებანიძეს ესაუბრა.

- ბატონო ბიძინა, ბოლო რამშტაინის წინ იყო მოლოდინი, რომ იგი ისტორიული გახდებოდა. მხედველობაში მაქვს ის, რომ უკრაინა პარტნიორებისგან გერმანულ „ლეოპარდ-2“-ებს მიიღებდა. მაგრამ, ასე არ მოხდა.

ფაქტია, რომ გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ, რომელშიც გერმანიის სოციალ-დემოკრატები დომინირებენ დააყოვნა უკრაინისთვის ტანკების მიცემა. ასე მოხდა იმის მიუხედავად, რომ რომ კანცლერ შოლცისგან უკრაინის სასარგებლოდ არა ერთი მკაფიო განცხადება გვახსოვს.

ფაქტია ისიც, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. კანცლერმა შოლცმა არ გააგრძელა მისი წინამორბედი კანცლერის მერკელის კრემლს დაქვემდებარებული პოლიტიკა. მართალია, ეს სწრაფად არ მომხდარა, მაგრამ მთელი წელია ვადევნებთ თვალს, რომ ბერლინის პოზიცია მოსკოვის მიმართ ერთმნიშვნელოვნად შეიცვალა.

როცა გვეგონა, რომ გერმანიის პოლიტელიტის „შროდერიზაცია“ დასრულებული იყო, ბერლინმა უარი თქვა უკრაინისთვის „ლეოპარდების“ გადაცემაზე. მომხდარს მხოლოდ ეკონომიკასა და გერმანია-რუსეთის ომამდელ ეკონომიკურ ურთიერთობებს ვერ დავაბრალებთ. ამის თქმის საშუალებას იძლევა ისიც, რომ ამერიკამ და სხვებმაც შეძლეს გერმანიის გაზით სრულად უზრუნველყოფა.

ამ საკითხზე ევროკავშირში ისედაც გართულებულ ვითარებაზე კარგად მეტყველებს პოლონეთის პრემიერის განცხადება - „უკრაინა და ევროპა მოიგებს ამ ომს, გერმანიასთან ერთად იქნება ეს თუ მის გარეშე.

სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ბერლინმა ამ ეტაპისთვის გადაიფიქრა უკრაინისთვის ტანკების გადაცემა?

- აქ მხოლოდ გერმანიის მხრიდან ტანკების გადაცემაზე არ არის საუბარი. რაც ყველაზე მეტ გაბრაზებას იწვევს დასავლეთში უფრო ის არის, რომ ბერლინი ბლოკავს სხვა ქვეყნების მიერ „ლეოპარდების“ რეექსპორტს უკრაინაში. ანუ მაგალითად, თუ პოლონეთს საკუთარ მარაგში არსებული „ლეოპარდების“ უკრაინისთვის გადაცემა სურთ, ამისთვის სჭირდება ლიცენზია გერმანიის ხელისუფლებისგან, რომელსაც ბლოკავს გერმანიის კანცლერი.

რა დგას შოლცის თავშეკავების უკან, ძნელი სათქმელია. თვით ბერლინის პოლიტიკურ წრეებში რამდენიმე მოსაზრებას განიხილავენ. ერთი შეიძლება იყოს რომ, შოლცი და სოციალ-დემოკრატები ანგარიშს უწევენ საზოგადოებრივ აზრს. თუმცა, ომიანობის პერიოდში საზოგადოებრივი აზრი სწრაფად ცვალებადია და თან ისეც არ არის, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი იყოს.

უფრო სავარაუდოა, რომ შოლცი საკუთარი პარტიის მემარცხენე ფრთას უწევდეს ანგარიშს, რომელიც საკმაოდ ძლიერია და უკრაინის იარაღით მომარაგებას ეწინააღმდეგება. არსებობს შიშის არგუმენტიც, რომ თითქოს კანცლერს ეშინია შემდგომი ესკალაციის ან იმის, რას მოიქმედებს დამარცხებული რუსეთი, ამიტომ თითქოს რუსეთის პირწმინდად წაგება არ აწყობს.

არსებობს შიშის არგუმენტიც, რომ თითქოს კანცლერს ეშინია შემდგომი ესკალაციის ან იმის, რას მოიქმედებს დამარცხებული რუსეთი, ამიტომ თითქოს რუსეთის პირწმინდად წაგება არ აწყობს

ასევე შეიძლება იყოს ისიც, რომ გერმანიას კვლავ სურდეს შეასრულოს რუსეთთან მთავარი ხიდის ფუნქცია ევროპაში და მალე აღადგინოს კრემლთან სტრატეგიული ურთიერთობა, მას შემდეგ რაც ომი შეწყდება.

ამიტომ, შესაძლოა კრემლთან ყველა ხიდს არ წვავდეს. თუმცა, ეს ყველაფერი სპეკულაციებია. თავად შოლცს საკმაოდ თავშეკავებული კომუნიკაციის სტილი აქვს და საკუთარი პოზიციების არგუმენტირებული დასაბუთების უნარით დიდად არ გამოირჩევა.

- ფაქტია ისიც, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გერმანიაში უკრაინის სასარგებლოდ საკმაოდ შეცვლილია რუსეთის მიმართ დამოკიდებულება. ამ თვალსაზრისით ყველაზე აქტიურად გერმანელი გერმანელი სოციალ-დემოკრატების კონკურენტი გერმანელი ქრისტიან-დემოკრატები“ აქტიურობენ.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თუ დავუშვებთ, რომ კანცლერ შოლცის მთავრობამ გადაწყვიტა საზოგადოებრივი აზრისთვის გაეწია ანგარიში?

- ქრისტიან-დემოკრატებს რაც შეეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისინი ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით 16 წელი იყვნენ გერმანიის ხელისუფლებაში და სოციალ-დემოკრატებისგან ბევრად განსხვავებული საგარეო პოლიტიკა არ ჰქონიათ.

რეალურად ანგელა მერკელის და მისი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კისერზეა ბევრი რამ, რასაც დღეს ცივილიზებული სამყარო იმკის. ახლა ოპოზიციაში არიან და ოპოზიციიდან კრიტიკა ადვილია, მაგრამ რა გარანტია არსებობს, რომ ხელისუფლებაში იმავეს არ იზამდნენ.

რეალურად ანგელა მერკელის და მისი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კისერზეა ბევრი რამ, რასაც დღეს ცივილიზებული სამყარო იმკის

რეალურად დღეს მწვანეები არიან ერთადერთი პარტია გერმანიაში, რომელსაც აქვს მყარი ღირებულებითი პოზიციები და რუსეთის მიმართ თანმიმდევრული კრიტიკული საგარეო პოლიტიკა.

რაც შეეხებათ სოციალ-დემოკრატებს, ისინი ყოველთვის რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი პარტია იყვნენ და ასეთად დარჩებიან. არა მგონია, ეს რეფლექსები მარტივად შეიცვალოს ამ პარტიის შიგნით.

რეალურად დღეს მწვანეები არიან ერთადერთი პარტია გერმანიაში, რომელსაც აქვს მყარი ღირებულებითი პოზიციები და რუსეთის მიმართ თანმიმდევრული კრიტიკული საგარეო პოლიტიკა

დღესაც რასაც აკეთებენ უკრაინის დასახმარებლად, უფრო იმის გამო, რომ საზოგადოებრივ წნეხს, საერთაშორისო ვითარებას და საკუთარ კოალიციურ პარტნიორებს უწევენ ანგარიშს.

- ახლა ამ თემაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციების ვრცელდება. ზოგი ამბობს, რომ კვირის ბოლომდე ბერლინი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ზოგის ვარაუდით, ასე არ მოხდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა უკრაინისთვის ტანკების გადაცემის თემაზე საუბრისას არ გამორიცხა უკრაინისთვის ფრანგული Leclerc ტანკის მიწოდება, მაგრამ იქვე დასძინა, ეს საკითხი გერმანიასთან უნდა შევათანხმოთო.

თქვენი დაკვირვებით, რა უფროა მოსალოდნელი - გერმანია და საფრანგეთი მიიღებენ გადაწყვეტილებას გერმანული და ფრანგული ტანკების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ, თუ არა?

- გერმანიის ხელისუფლებაზე როგორც წესი საერთაშორისო წნეხი და იზოლაციის საფრთხე ყოველთვის ჭრის ხოლმე. ამას თვით გერმანელებიც ირონიულად აღნიშნავენ, რომ გაბედული ნაბიჯების გადადგმა ბერლინს ძალიან უჭირს, თუმცა წნეხისა და რეპუტაციული ზიანის მიღების შემდეგ, მაინც მიჰყვება საბოლოოდ დინებას.

ასე მოხდა უკვე ბევრჯერ რუსეთ-უკრაინის ომის სხვადასხვა ეტაპზეც და ამჯერადაც, სავარაუდოდ, ბერლინი რაღაც მომენტში დაჰყვება საერთაშორისო წნეხს და გასცემს „ლეოპარდების“ უკრაინაში რეექსპორტირების ლიცენზიას.

სავარაუდოდ, ბერლინი რაღაც მომენტში დაჰყვება საერთაშორისო წნეხს და გასცემს „ლეოპარდების“ უკრაინაში რეექსპორტირების ლიცენზიას

„ლეოპარდებს“ სხვა ტანკებთან, მათ შორის „აბრამსებთან“ და „ლეკლერებთან“ ის უპირატესობა აქვს, რომ ევროპის სატანკო პარკის თითქმის ნახევარი ძირითადად სწორედ ამ ტიპის ტანკებისგან შედგება და მათი მოვლა-უზრუნველყოფისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ასევე ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს.

„ლეოპარდები“ ჰყავს მაგალითად პოლონეთს, ჩეხეთს, ფინეთს, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ. „ლეკლერი“ - მხოლოდ საფრანგეთს და „აბრამსები“ საერთოდ არ არის ევროპაში, პოლონეთმა შეიძინა ცოტა ხნის წინ, მაგრამ რამდენადაც ვიცი ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს მიღებული.

ამიტომ, რაოდენობრივი და ლოჯისტიკური თვალსაზრისითაც „ლეოპარდები“ უფრო გამოსადეგი იქნებოდა უკრაინისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტანკი. თუმცა თუ მაკრონიც გადაწყვეტს „ლეკლერების“ თუნდაც მცირე რაოდენობით მიწოდებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის წნეხს გერმანიაზე, რათა დაუშვას ლეოპარდების რეექსპორტი.

კიდევ ერთი შედარებით რადიკალური ვარიანტია, რომ რომელიმე ქვეყანამ, მაგალითად პოლონეთმა გერმანიის ლიცენზიის გარეშე მიაწოდოს საკუთარი „ლეოპარდები“ უკრაინას.

ვარშავას ამის გაკეთება შედარებით უმტკივნეულოდ შეუძლია, ვინაიდან პოლონეთმა ბოლო პერიოდში საკუთარი სატანკო პარკის დივერსიფიცირება დაიწყო და ისედაც ამერიკულ და სამხრეთ კორეულ სატანკო სისტემებზე გადასვლა გადაწყვიტა.

- მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მსოფლიო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი. შეცვლილია არა მხოლოდ ევროპა, საერთაშორისო პოლიტიკაში ბევრი რამ ჩვენს თვალწინ შეიცვალა და ახლაც განიცდის ცვლილებას.

მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიურ დასავლეთში არა მარტო უკრაინის თემაზე აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, კოლექტიური დასავლეთი ახერხებს კონსოლიდირებული პოზიცია ჰქონდეს უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ.

ის რაც უკვე მომხდარია, რა ტენდენციებიც სახეზე გვაქვს, რის საფუძველს იძლევა საიმისოდ, რომ მეტ-ნაკლებად დავინახოთ ერთი მხრივ ევროპის, ხოლო მეორე მხრივ ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის ახალი კონტურები?

- რამდენიმე ძირითადი კონტური გამოიკვეთა. პირველი, ის რომ, აშშ კვლავ რჩება დასავლეთის, მათ შორის ევროპის ერთპიროვნულ ლიდერად, და ევროპის ავტონომიურობაზე ამ ეტაპზე ყველა მითი დაიმსხვრა. რომ არა ბაიდენის ადმინისტრაციის ლიდერობა, ევროპელები ვერ მოაბამდნენ თავს უკრაინის მსგავსი ხარისხით მხარდაჭერას და ვერც რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

გერმანიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი უსუსურობა. ბერლინისგან ასეთ დროს ყველა ლიდერობას მოელის მისი ეკონომიკური წონის გათვალისწინებით. მაგრამ, ბერლინის პოლიტიკურ ელიტას არ აქვს არც ამის სურვილი და ასევე არც ცოდნა იმისა, თუ როგორ ულიდეროს ევროპას

მეორე მხრივ, გერმანიამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი უსუსურობა. ბერლინისგან ასეთ დროს ყველა ლიდერობას მოელის მისი ეკონომიკური წონის გათვალისწინებით. მაგრამ, ბერლინის პოლიტიკურ ელიტას არ აქვს არც ამის სურვილი და ასევე არც ცოდნა იმისა, თუ როგორ ულიდეროს ევროპას.

აღმოსავლეთ ევროპაში პოლონეთ-უკრაინის ტანდემი ახლო მომავალში მთავარ გეოპოლიტიკურ და სამხედრო მოთამაშედ იქცევა. პოლონეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონვენციური შეიარაღება აქვს, ხოლო უკრაინას ყველაზე გამოცდილი არმია

ასევე, ის რომ, აღმოსავლეთ ევროპაში პოლონეთ-უკრაინის ტანდემი ახლო მომავალში მთავარ გეოპოლიტიკურ და სამხედრო მოთამაშედ იქცევა. პოლონეთს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონვენციური შეიარაღება აქვს, ხოლო უკრაინას ყველაზე გამოცდილი არმია.

ზოგადად, მთლიანობაში, ევროპაში როგორც იქნა ფესვებს იდგამს აზრი, რომ ევროპული უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, და არა რუსეთთან ერთად.

საქართველო ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ იყოს აღქმული რუსეთის ირიბ მოკავშირედ, რისი საფრთხეც რეალურად არსებობს

ომი რომც შეწყდეს რაღაც ეტაპზე, სანამ პუტინია ხელისუფლებაში, ურთიერთობა რუსეთს და დასავლეთს შორის არ დალაგდება და არც სანქციები მოიხსნება მარტივად. რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების პროცესი ფაქტობრივად შეუქცევადი გახდა.

- დღე არ გავა, არ გავრცელდეს ინფორმაცია, რომ ბალტიის ქვეყნებმა, ან ევროპის რომელიმე ქვეყანამ, არ გადასცეს რუსეთთან მებრძოლ უკრაინა რაიმე ტიპის სამხედრო ტექნიკა, თქვენთან დაკავშირებამდე თვალი მოვკარი ინფორმაციას, რომ ესტონეთმა მთელი თავისი შორი მანძილის არტილერია უკრაინას გადასცა.

გასაგებია, რომ საქართველოს, რომელსაც ასევე აქვს რუსული საფრთხე, არ აქვს შესაძლებლობა სამხედრო ტექნიკით დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ აქვს შესაძლებლობა იმავე დასავლეთიდან მიიღოს იმ ტიპის იარაღი, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებდა მის თავდაცვისუნარიანობას, მაგრამ ამას არ აკეთებს.

ცალკე საუბრის თემაა, თითქოს კოლექტიურ დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა და ის რიტორიკა, რომელიც მმართველი გუნდიდან გვესმის.

საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების ქცევაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები?

- ერთის მხრივ საქართველოს ფრთხილი პოზიცია გასაგებია, საქართველოს არ იცავს ნატოს სამხედრო ქოლგა და არც სამხედრო კავშირი აქვს რომელიმე ძლიერ ქვეყანასთან.

მაგრამ, საქართველო ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ იყოს აღქმული რუსეთის ირიბ მოკავშირედ, რისი საფრთხეც რეალურად არსებობს. ევროკავშირს უკვე აქვს ნეგატიური გამოცდილება უნგრეთში ვიქტორ ორბანის რეჟიმის სახით, რომელიც ღიად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და ბევრ დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირს, ბლოკავს რა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ბრიუსელში.

სერბეთისა და უნგრეთის ქმედებების ფონზე, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცენ ან ზოგადად საკუთარ მოკავშირედ განიხილონ, თუ თბილისი თავის გაურკვეველ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს

ასევე არის სერბეთის მაგალითი, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ ასევე პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. სერბეთისა და უნგრეთის ქმედებების ფონზე, აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცენ ან ზოგადად საკუთარ მოკავშირედ განიხილონ, თუ თბილისი თავის გაურკვეველ საგარეო პოლიტიკას გააგრძელებს.

ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და ზოგადად გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად საქართველომ უნდა გააკეთოს ორი რამ - პირველი - შეასრულოს თორმეტი რეკომენდაცია, ან მისი დიდი ნაწილი მაინც, რომ ხელშესახები არგუმენტი ჰქონდეს

- საქართველოს მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანია ევროკავშირი გაწევრიანება, მაგრამ ამის პარალელურად ვხედავთ, რომ ქვეყანა აყოვნებს 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესრულებას.

მეტიც, დამკვირვებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ „დღეს საქართველოდან წასული იმპულსები დასავლეთისთვის შემდეგნაირად ჟღერს - ჩვენ თქვენთვის საჭირო ვართ, ამიტომ, მიგვიღეთ ისეთები, როგორიც ვართ, დემოკრატიის თქვენეული ფორმა ჩვენთვის უცხო და არაეფექტურია“. ეს რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსულისუვერენული დემოკრატიისთეორიას“.

თქვენი დაკვირვებით, საქართველო „რუსული სუვერენული დემოკრატიისკენ“ უფრო მოძრაობს, თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად?

- საქართველოს გეოპოლიტიკური დივიდენდის გამო ევროკავშირში არავინ მიიღებს, ეს ძალიან მიამიტური ხედვაა. მართალია საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გაიზარდა რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების შედეგად, მაგრამ არა იმდენად, რომ ევროკავშირმა თავისი გაფართოების პოლიტიკა საქართველოს მოარგოს. ეს კომიკური სიტუაცია იქნებოდა.

ევროკავშირის სტატუსის მისაღებად და ზოგადად გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად საქართველომ უნდა გააკეთოს ორი რამ - პირველი - შეასრულოს თორმეტი რეკომენდაცია, ან მისი დიდი ნაწილი მაინც, რომ ხელშესახები არგუმენტი ჰქონდეს.

და მეორე, დაუახლოვდეს საგარეო პოლიტიკურად ევროკავშირს. ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა, საქართველოს ომში ჩართვას, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია, მაგრამ მინიმუმ რაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, ევროკავშირის და აშშ-ს არაფრისმომცემი ლანძღვა შეწყვიტონ.

რაც შეეხება მიდის თუ არა საქართველო მმართველობის რუსული მოდელისკენ, ჯერჯერობით იქამდე შორია, მაგრამ, ფაქტია არც დემოკრატიისკენ მიდის. ქვეყანა დღეს გაჩხირულია მმართველობის დემოკრატიულ და ავტორიტარულ ფორმებს შორის და თუ საით წავა საბოლოოდ ამას ისიც გადაწყვეტს, პრორუსულ პოლიტიკას აირჩევს, თუ პროევროპულს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა