„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდისა და რუსთავის ოპოზიციურ საკრებულოებს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ზუგდიდის ოპოზიციურ საკრებულოს მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების სარევიზიო საქმიანობა არ განუხორციელებია, რუსთავის საკრებულოს კი სარევიზიო კომისია არ შეუქმნია, რის შედეგადაც მერიის შემოწმება არ განხორციელებულა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიის წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია "ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან და მერიებიდან გამოითხოვა.

„ძალიან საგანგაშო პასუხები მივიღეთ. ზუგდიდის მერია, რომელსაც საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო სარევიზიო კომისია შექმნილი აქვს, არ განუხორციელებია სარევიზიო საქმიანობა, ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ შემოწმებია. ანუ, ზუგდიდის საკრებულო არ იყენებს ეფექტურად მისი კონტროლის მექანიზმს.

რუსთავის საკრებულოდან კიდევ უფრო საგანგაშო პასუხი მოვიდა. რუსთავის საკრებულოს არათუ არ შეუმოწმებია და სარევიზიო საქმიანობები არ განუხორციელებია მერიაში, საკრებულოს საერთოდ არ შეუქმნია სარევიზიო კომისია, შესაბამისად, მერიის შემოწმებას ვერც განახორციელებდა," - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უფრო მსხვილი მხარდაჭერით სარგებლობენ.

„ჩვენ დიდი ხანია ყველანი ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, უკანონო, ძალადობრივ, ცინიკურ მეთოდებთან ერთად, თავის პროპაგანდაში იმ არგუმენტს იყენებს, რომ ამ რეჟიმის ოპონენტებს მხოლოდ რეჟიმზე თავდასხმა შეუძლია და არ აქვს უნარი, რომ გადადგას ნაბიჯები, ანუ არ შეუძლია მოქმედება. ამ პროპაგანდისას ის ყველა ოპოზიციურ პარტიას საერთოში ზელს და ამ ყველაფერს ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ სახელს არქმევს. ამიტომ, ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით ისინი, ვინც დღეს უფრო მსხვილი მხარდაჭერით სარგებლობს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ორივე საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიციური პარტიები წარმოადგენენ. ზუგდიდის საკრებულო ენმ-ს 21, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" 3, ხოლო "ქართული ოცნების" 20 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო რუსთავის საკრებულოში, ენმ-ს 16, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" 3 და "ქართული ოცნების" 17 დეპუტატია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო