ეს „ტრიუმვირატი" ვერანაირად ვერ პასუხობს ვერც ერთ კრიტერიუმს, რომელიც ახასიათებს ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას - „ცხელი გაზაფხულის" დაანონსება წარუმატებელი იქნება, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი "გირჩი -მეტი თავისუფლებას," "სტრატეგია აღმაშენებლის", "დროას" და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მიერ 24 თებერვალს დაანონსებულ აქციას.
ვოლსკის თქმით, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნებათ, რადგან ის პოზიცია, რომელიც დღეს ხელისუფლებას გააჩნია, ოპტიმალურია იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს და განვითარება უზრუნველყონ.
"აქციებიც დაშვებულია და აზრის გამოხატვის ყველანაირი რესურსიც არსებობს, ეს ოპოზიციას არასდროს შეზღუდვია, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შეზღუდავს, მაგრამ საზოგადოებისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, ვინ ეძახის თავის თავს "ეროვნულ მოძრაობას" ან ეროვნული მოძრაობის საწყისად ვინ აცხადებს საკუთარ პოლიტიკურ ამბიციას, რომ გახდეს პროცესების ლიდერი. თუკი ამას ყველაფერს გავაანალიზებთ, ეს "ტრიუმვირატი" ვერანაირად ვერ პასუხობს ვერც ერთ კრიტერიუმს, რომელიც ახასიათებს ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალას. უამრავი ნიშნით შეიძლება შეფასდეს ეს პოლიტიკური გაერთიანება: უცნაურობით, თავის ეკლექტურობით, წარსულით, აწმყოთი, მე ვფიქრობ, მომავალში პერსპექტივა არ გააჩნიათ.
საკმაოდ დიდი ხანია ეს ხალხი ექსპლუატაციას უწევს გარკვეულ თემებს, რუსეთის თემას, ახლა უკრაინის თემა მიეცათ სასპეკულაციოდ, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ მართლაც განიცდიან იმ მდგომარეობას, რომელშიც უკრაინა აღმოჩნდა, პირიქით, ამ ვითარებიდან გამომდინარე ფიქრობენ, როგორმე რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. მათი განცხადებები, დამოკიდებულება საკითხებისადმი, რუსული ფულისადმი, ოკუპაციისადმი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ დაანონსება "ცხელი გაზაფხულისა", წარუმატებელი იქნება, საზოგადოება ამას არ დაუჭერს მხარს,"- განაცხადა ვოლსკიმ.