ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო არ გამორიცხავს, რომ ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების პროცედურა შვედეთისგან დამოუკიდებლად განაგრძოს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება ჯერჯერობით ნაადრევია.
პეკა ჰაავისტოს განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების კუთხით ნომერ პირველი ვარიანტი კვლავ ისაა, რომ ქვეყნები ნატო-სკენ ერთდროულად ისწრაფვიან.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია როგორც შვედეთის, ასევე ფინეთის შესვლა ალიანსში. თუმცა, ამ საკითხზე (ფინეთის შვედეთისგან დამოუკიდებელ გაწევრიანებაზე) პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია“, - განაცხადა ჰაავისტომ.
მისი თქმით, შვედეთში თურქეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მხარეებს შეთანხმების მიღწევაში ხელს შეუშლის.
„ეს მომიტინგეები ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას ეთამაშებიან“, - დასძინა ჰაავისტომ.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტოკჰოლმში ქურთი მომიტინგეების მიერ საპროტესტო აქციაზე ყურანის დაწვის შემდეგ განაცხადა, რომ შვედეთი არ უნდა მოელოდეს, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს მის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს.