ჩვენთვის, ბუნებრივია, პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა შესაბამის დოკუმენტში ხმამაღალი ფორმით აისახოს ის გზავნილები, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი, ეროვნული ამოცანა დეოკუპაციაა.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი, ეროვნული ამოცანა არის ბუნებრივია დეოკუპაცია და სწორედ ამას უკავშირდება ეს ცვლილებები, რომელიც ჩვენი დელეგაციის მიერ იყო დაინიცირებული და ჩვენ მადლობელი ვართ, რა თქმა უნდა, რომ ეს ინიციატივა იყო გაზიარებული“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, დიდი ინტერესით ელოდება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელ გამოსვლას, რომელსაც ისიც დაესწრება.
„ჩვენ დავესწრებით დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, ასევე კითხვა-პასუხს, რომელიც აქტუალურ თემებს შეეხება. ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ვითარდება, მათ შორის ჩვენს რეგიონში, მისი პოზიცია არის საინტერესო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, შესაბამისად დიდი ინტერესით ველოდები მის გამოსვლას“, - აღნიშნა კობახიძემ.