ირაკლი კობახიძე კეზერაშვილის მიერ შეძენილ ავტომობილზე - ეს არის სკანდალური თემა, არალეგალური დაფინანსებაა, რომლითაც, ალბათ, უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კარგი შედეგით დასრულდება გახლეჩის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, „ნაცმოძრაობაში“, კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება აუცილებელია ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად.

„ძალიან კარგი პროცესები წარიმართება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და ამ პროცესების საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება „ნაცმოძრაობის“ შემდგომი დასუსტება, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკაში შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი და გაძლიერდეს ქართული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყველა შემთხვევაში კარგი შედეგით დასრულდება გახლეჩის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს „ნაცმოძრაობაში“, კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკა მელიას მეორადი ავტომობილი კეზერაშვილმა შესთავაზა, კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აუდიტის სამსახური აღნიშნული თემით დაინტერესდება.

„რაც შეეხება ავტომობილის საკითხს, თავისთავად, ეს არის სკანდალური თემა, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა „შავი ფულის" ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც, ალბათ, უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს, ეს არის, რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსება, რაც ისჯება საკმაოდ მკაცრად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით. ვნახოთ, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ "საჩუქრების” წამოძახება გარდა იმისა რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე. ნიკა მელია განმარტავს, რა ვითარებაში მოხდა მისთვის „მეორადი ავტომობილის" შეთავაზება, რომელიც კეზერაშვილმა გაგზავნა.

„დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს, ჩემთვის მიულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.

მას შემდეგ რაც, დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება.

ბოლოს, ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში“, - განაცხადა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა