ვახტანგ ძაბირაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები მეც არ მომწონს, მაგრამ არც უკრაინელების მომწონს - კასიანოვის განცხადება სუსტია და ლოგიკა არაა, რადგან რუსები ფეხითაც შემოდიან

კასიანოვის განცხადება ძალიან სუსტია და ასეთი განცხადებები არ წაადგება არც უკრაინას და არც ქართულ საზოგადოებას. თუ ლავროვის მიზანი ის იყო, რომ ჩვენსა და უკრაინელებს შორის ახალი თემა გაჩენილიყო, ეს მოახერხა , - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომელმაც ფრენების აღდგენისა და „რუსების მასიურად შემოდინების“ შემთხვევაში საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, კასიანოვის განცხადებაში ლოგიკა არაა, რადგან რუსები საქართველოში ფრენების აღდგენის გარეშეც, ფეხით შემოდიან.

“ქართული ოცნების პოზიციები მეც არ მომწონს და ამაში უკრაინელებთან სოლიდარული ვარ, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ არც უკრაინელების ასეთი განცხადებები მომწონს მაინცდამაინც. ფრენები თუ არ იქნება, ახლა ვერ შემოდიან რუსები საქართველოში? ლოგიკა ხომ უნდა ჰქონდეს. გინდ კასიანოვი იყოს, ვინც გნებავთ ის იყოს. ლოგიკა სად არის? ჩვენმა პარტნიორებმა ისეთი განცხადებები უნდა გააკეთონ, რომ საქართველოში დასავლეთისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება არ გაჩნდეს.

როდესაც ბატონი კასიანოვი ამას ლაპარაკობს, ლოგიკა არაა. ფეხით შემოდიან რუსები და ვეებერთელა რიგებია. საფრთხე მართლა არსებობს, მაგრამ არამარტო უკრაინელების, გარკვეული რაოდენობის შემდეგ შესაძლოა, ყოფით ნიადაგზე ჩვენს მოსახლეობასა და რუსებს შორისაც წარმოიშვას კონფლიქტი, რომლის დარეგულირების თავიც ხელისუფლებას ან აქვს და ან არ აქვს, ამიტომ რეგულაცია საჭიროა, თუ ამას გულისხმობს კასიანოვი, მაგრამ მუქარა იმისა, რომ გავიყვანთ უკრაინელებს... ვინც ჩამოვიდა, დევნილია და რაღაცნაირად მოეწყო, მას უნდა კიდევ ერთხელ აიბარგოს და სადღაც წავიდეს?“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე გადაცემაში ოპოზიციის მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციასა და „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერების განცხადებებსაც გამოეხმაურა.

ძაბირაძის თქმით, მათ 24 თებერვალს „ქართულ ოცნებას“ „განაჩენი შეიძლება გამოუტანონ, მაგრამ ვინ აღასრულებს ეგ არის საქმე, ყოველ შემთხვევაში ეგენი ვერა და ვერც ამ მიტინგზე“.

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა სულსწრაფობაა.

„იცით, რა არის ოპოზიციის და ზოგადად ქართული პოლიტიკური სპექტრის პრობლემა? - ძალიან სულსწრაფები არიან. თუ დღეს გესმის, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, ხედავ იმ სტრუქტურას, რა სტრუქტურაც შექმნეს, ხედავ როგორ მუშაობენ, ერთი თვით ადრე საპროტესტო აქციის დაგეგმვა და გამოცხადება შეიძლება? ხალხის ორგანიზება და ინფორმირება სხვაგვარადაც შეიძლება. რა ჰგონიათ ახლა მათ, რომ მიასკდება ხალხი? არის ეს განწყობა საზოგადოებაში?“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთან, ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციამ მოსახლეობაში ნდობის დაბრუნებაზე უნდა იმუშაოს.

"ისინი, ვინც ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთისკენ მივყავართო და მე წაგიყვანთ დასავლეთისკენო, იმ 80%-ს არ სჯერა ამათიც. ნდობის დასაბრუნებლად ძალიან, ძალიან შრომატევადი საქმე აქვთ გასაკეთებელი. ჯერ ერთი მყვირალა განცხადებებს თავი უნდა დაანებონ. მე იმის პრობლემა არ მაქვს, ვინმე თავს "ეროვნულ მოძრაობას" დაუძახებს თუ არა, მაგრამ ამას ხომ სერიოზულად არ აღიქვამს მოსახლეობა. უნდა იყო ფრთხილი, მოზომილი და უნდა იცოდე, რომ მოსახლეობის ორ მესამედს „ქართული ოცნება“ რომ არ მოსწონს, იმას არ ნიშნავს, რომ შენ მოსწონხარ. აი, ესაა პრობლემა, არ სჯერა ოპოზიციის ოპოზიციურ ამომრჩეველს. გულწრფელი უნდა იყო და ამაზე ამუშაო ტელევიზიები და არა იმაზე, რაც არის „ქართული ოცნება“ . მეფე შიშველია, ამას ვხედავთ, შემოსილი ოპოზიცია გვინდა, რომ დავინახოთ და ვერც ამას ვხედავთ, ესაა პრობლემა“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო