ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთთან ფრენების აღდგენა, სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს - თუ ჩვენს ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავები მოგვევლინა, ან უნდა დავაპატიმროთ და გადავცეთ მფლობელს, ან სერიოზული პრობლემა შეგვექმნება

რუსეთსა და უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩის, “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GSAC) წევრის, ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, რუსეთიდან ფრენების აღდგენა სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.

როგორც ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ფრენების აღდგენა ნეგატიურ გავლენას იქონიებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

„რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით სამ პრობლემას გამოვყოფდი: პირველი, რუსული კომპანიები სანქცირებული არიან ევროკავშირის მხრიდან, შესაბამისად, რუსეთთან ფრენების აღდგენა, სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. თუ ჩვენ ტერიტორიაზე, რუსული თვითმფრინავები მოგვევლინა, რომლებიც სანქციების ქვეშ არიან, ან უნდა დავაპატიმროთ და გადავცეთ მფლობელს, ან სერიოზული პრობლემა შეგვექმნება, რომელიც აისახება შემდგომში ჩვენ ავიაკომპანიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში. მეორე საკითხია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაშიც ეს ხელს ვერ შეგვიწყობს და მესამე არის უსაფრთხოების საკითხი“,- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ამასთან, ყოფილმა დიპლომატმა ისაუბრა, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე, რომ არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას.

ჩეჩელაშვილის თქმით, უკრაინელების მხრიდან რამე, რომ გვეწყინოს, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის რეალური ვითარება, რომელიც დღეს უკრაინაშია.

ამასთან, როგორც ჩეჩელაშვილმა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციონირებაზე საუბრისას განაცხადა, საქართველო და უკრაინა ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგას, შესაბამისად, „რაც უკრაინისთვის კარგია ის კარგია საქართველოსთვის და პირიქით“.

„ნებისმიერი საგარეო პოლიტიკა ღირებულია სამი ძირითადი პრინციპით. ეს არის პოლიტიკის მდგრადობა, მემკვიდრეობითობა და ამოცნობადი ხასიათი. ამ თვალსაზრისით არის გარკვეული ხარვეზები. იყო თუ არა ჩვენი შეცდომები?- რა თქმა უნდა, იყო. უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ გვაქვს ერთი უმთავრესი გამოწვევა, ეს არის რუსეთის ფედერაცია და მისი პოლიტიკა მეზობლებთან მიმართებით. ახლა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სერიოზულ გასაჭირშია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ვაფასებთ პარტნიორობას, შესაბამისად, დღეს ჩვენ შეფასებებში უნდა ვიყოთ ძალიან მოქნილები. უკრაინელების მხრიდან რამე, რომც გვეწყინოს, ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის რეალური ვითარება, რომელიც დღეს არის უკრაინაში.

იყო თუ არა სწორი ნაბიჯები გადადგმული უკრაინასთან მიმართებით? რა თქმა უნდა, იყო. მაგალითად, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბუჩასა და ირპენში. ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი. მოყვა თუ არა ამას შესაბამისი გაგრძელება? - სამწუხაროდ, ვერ მოყვა. არის თუ არა შესაძლებლობა ჩვენ ეს ურთიერთობები გამოვასწოროთ? რა თქმა უნდა, არის. ამისთვის საჭიროა ჩვენი მხარდაჭერის გააქტიურება უკრაინასთან მიმართებაში, ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც ვიღებთ მონაწილეობას. სხვათა შორის, ჩვენ ამას ვაკეთებთ. გაეროს ყველა რეზოლუციაში მხარი დავუჭირეთ უკრაინას. „რამშტაინის“ ჯგუფში ვმონაწილეობთ. გავუგზავნეთ ელექტრო გენერატორები. ეს შეიძლება უფრო ადრე გაგვეკეთებინა, 10 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ენერგო რესურსების დაბომბვა დაიწყო. შესაძლებელია მეტი აქტიურობაც გამოვიჩინოთ. ამ და სხვა საკითხში ხელისუფლებებს და დიპლომატებს შორის ურთიერთობების დეფიციტს ვხედავ. ჩვენ მივიღეთ პარადოქსული ვითარება, როდესაც ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის დამოკიდებულება გაცილებით უკეთესია, ვიდრე მთავრობებსა და დიპლომატებს შორის“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო