თურქეთმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი განუსაზღვრელი ვადით გადადო, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც ბრიუსელში უნდა გამართულიყო, ანკარას თხოვნით გადაიდო.
თურქეთის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.
შვედეთ-თურქეთის ურთიერთობა ბოლო დროს მას შემდეგ დაიძაბა, რაც სტოკჰოლმში გამართული ანტითურქული საპროტესტო აქციის დროს თურქეთის საელჩოს წინ ყურანი დაწვეს.