პაატა მანჯგალაძე ხაბეიშვილის განცხადებაზე - ძალიან მომწონს ტარიელი ქაჯეთის ციხეში რომ შევარდება და ნესტან-დარეჯანს გამოიხსნის, მაგრამ ამ რეალობის 21-ე საუკუნეში გაცოცხლება ნაკლებად წარმომიდგენია

ძალიან მომწონს ტარიელი ქაჯეთის ციხეში რომ შევარდება და გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ 21-ე საუკუნეში გავაცოცხლოთ, ნაკლებად წარმომიდგენია, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „მზად არის მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად გამოიხსნას".

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება იყო.

მანჯგალაძე განმარტავს, რომ მათი გეგმები 24 თებერვლის აქციას უკავშირდება და ამის უკან არანაირი რევოლუციური სცენარი არ დგას.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ არანაირი რევოლუციური სცენარი არ გვაქვს. ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. გვინდა, ამ სოლიდარობით საქართველოს ჰქონდეს მშვიდობა და არა ლავროვისა და პუტინის გადაწყვეტილებაზე დამყარებული მშვიდობა. ხაბეიშვილის განცხადებაზე, მას უნდა ჰკითხოთ, ამაში რას გულისხმობს. ალბათ, იმას გულისხმობს, რომ იზოლაციაში მყოფ ადამიანს დამატებით კიდევ დამართეს კორონა, შეიძლება, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ეს განცხადება ემოციურად გააკეთა. სხვა ახსნა, არ ვიცი. გამიგია და ძალიან მომწონს მაგალითად, ტარიელი ქაჯეთის ციხეში შეიჭრება და გამოიხსნის ნესტან-დარეჯანს, მაგრამ ეს რეალობა რომ გავაცოცხლოთ 21-ე საუკუნეში, ნაკლებად წარმომიდგენია. ლევანს ვიცნობ, პატივს ვცემ, აქტიურია, მაგრამ რევოლუციურ სცენარსა და სააკაშვილის ქაჯეთის ციხიდან გამოხსნაზე არ გვისაუბრია”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, მსგავსი რამ რომ შესთავაზოს ხაბეიშვილმა, მისი რეაქცია როგორი იქნება, მანჯგალაძე ამბობს, რომ ამის თაობაზე პირველად ჟურნალისტები გაიგებენ.

„რომ შემომთავაზოს, ავთანდილი თუ ვიქნებოდი? - როგორც კი ლევანისგან ქაჯეთის ციხის აღებაზე შეთავაზება მექნება, პირველი თქვენ გეტყვით”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, მე, ლევან ხაბეიშვილი არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში, რადგან რუსული რეჟიმის პირობებში სხვანაირად არ გამოვა“, - განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო