დაზარალებულმა გიორგი კაჭკაჭაშვილმა სერგო ქურთიაშვილის მსგავსად სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ძმები კაკულიები ქურთიაშვილს თავს არ დასხმიან

დაზარალებულ გიორგი კაჭკაჭაშვილის განცხადებით, ძმები დავით და გურამ კაკულიები მის მეგობარს, სერგი ქურთიაშვილს თავს არ დასხმიან.

გიორგი კაჭკაჭაშვილმა სასამართლო პროცესზე დაკითხვისას, გასული წლის მაისში სერგი ქურთიაშვილზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დეტალები გაიხსენა, რა დროსაც თავადაც დაშავდა. კაჭკაჭაშვილმაც ქურთიაშვილის მსგავსად სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ ტყვია ფეხის არეში მასაც მოხვდა, თუმცა ამის მერე კიდევ გაგრძელდა თუ არა სროლა, დანამდვილებით ვერ იტყვის.

კაჭკაჭიშვილის თქმით, შემთხვევის დღეს თავდამსხმელებს ჩაფხუტები ეხურათ, თუმცა ჩაფხუტის საფარი ღია იყო, შესაბამისად მათი სახის ნაკვთების ნახვა შეძლო. დაზარალებულის განმარტებით, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ თავდამსხმელები ძმები კაკულიები არ არიან.

კაჭკაჭაშვილის თქმით, თავდამსხმელებს ღია ფერის თვალები ჰქონდათ, ძმებ კაკულიებს კი მუქი ფერის თვალები აქვთ. ასევე მისვე თქმით, თავდამსხმელები სიმაღლით მასზე დაბლები და ძმებ კაკულიებთან შედარებით “მსუქნები იყვნენ”. კაჭკაჭაშვილის თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს სვირინგი ჰქონდა.

„დავინახე, როგორ ესროლეს სერგის ფეხებში. დავინახე მათი სახის ჭრილი, წარბები, თვალი, ტუჩი და ზუსტად ვიცი, რომ ეს პიროვნებები არ იყვნენ. დავინახე, რომ იარაღი ეჭირა შავ მაისურიანს. ხოლო ნარინჯისფერი ვისაც ეცვა, მას არ ეჭირა. ჩაფხუტები ეხურათ, მაგრამ ისე ეხურათ, რომ სახის ნახვა შეიძლებოდა. ეს ორი პიროვნება ის ორი პიროვნება არ არის", - განაცხადა გიორგი კაჭკაჭიშვილმა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო