თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის მიმდინარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი, რომლის განხორციელებაც თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით გასულ წელს დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს.
გიორგი ტყემალაძის თქმით, პროგრამაში ჩართული 25 ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა და პროექტის განხორციელებაში თბილისის საკრებულო აქტიურად არის ჩართული.
გიორგი ტყემალაძის თქმით, მშენებლობების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ახალი, გარემონტებული ბინები გადაეცემა. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა არ ეხება ისტორიულ არეალს და ამ მიმართულებით, ინვესტორებთან ერთად, ავარიული ფონდის პროგრამის შექმნა იქნება აუცილებელი.
„ავარიული სახლების ჩანაცვლება ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო. პროექტის განხორციელება გასულ წელს, თბილისის მერის კალა კალაძის ინიციატივით დაიწყო და ამ დროისთვის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, აღნიშნული პროექტი ისტორიულ არეალში მდებარე ავარიულ სახლებს არ ეხება. მუნიციპალიტეტმა არაერთი ისტორიული არეალის რეაბილიტაცია განახორციელა და მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც ამ მიმართულებით თანხები გამოყოფილია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, ინვესტორებთან ერთად, დიდი ავარიული ფონდის პროგრამა შეიქმნას და ინვესტორები ისტორიული არეალითაც დაინტერესდნენ“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დედაქალაქის მერის ინიციატივით, უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება წესი, რომელიც ისტორიულ არეალებს უხეში ურბანული ჩარევებისგან დაიცავს. გიორგი ტყემალაძის თქმით, საკრებულო აქტიურად ჩაერთვება ისეთი წესის მიღების პროცესში, რომელიც ინვესტორისთვის და მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება და ამავდროულად, ისტორიულ უბნებში უხეშ განაშენიანებას არ გამოიწვევს.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.