საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილებით „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფონდი თვითონ ტერიტორიის განვითარებას არ გეგმავს.
„ფონდმა „ქართუმ“ მორიგი საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქს და „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია ფონდის გადაწყვეტილებით თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ეს არის ქველმოქმედების მორიგი უპრეცედენტო აქტი. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ლარია. ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ტერიტორია ქალაქისთვის უსასყიდლოდ გადაეცა, რომელიც, თავის მხრივ, განავითარებს აღნიშნულ ტერიტორიას.
მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“ ფლობს საკმაოდ დიდ აქტივებს, რომელიც ივანიშვილების ოჯახის მხრიდან გადმოეცა. ფონდი მართავს აღნიშნულ აქტივებს და შემოსავალს ისევ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობას ახმარს. ამ ეტაპზე, განაშენიანების რეგულაციის გეგმის დამტკიცება და შეთანხმება განხორციელდა, ის ვიზუალები, რაც საჯაროდ გაჟღერდა და მედიაში მოხვდა არის ე.წ. გრგ-ს ვიზუალიზაციები და რენდერები. ამ ეტაპზე ფონდი თვითონ არ გეგმავს ტერიტორიის განვითარებას. ჩვენ, სავარაუდოდ, მოვახდენთ ტერიტორიის რეალიზაციას და როგორც უკვე გითხარით შემოსულ შემოსავალს მოვახმართ ჩვენს საქველმოქმედო პროექტებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.