რელიგიის სააგენტო სოციალურ პროექტს განაგრძობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რელიგიის სააგენტო მეექვსე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს „უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად“, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდრებს და საჩუქრად გადასცემს საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და თბილისის უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლას.

„უსინათლოთა კავშირის წევრთა სურვილის გათვალისწინებით კი, 2020 წლიდან, სააგენტო ბრაილის შრიფტით გამოსცემს ბიბლიის წიგნებს. ძველი აღთქმის ოთხი წიგნი „დაბადება“, „წიგნი გამოსვლათა“, „წიგნი ლევიტელთა“ მათ საჩუქრად უკვე გადაეცათ. დღეს კი, ინტერრელიგიურ კალენდართან ერთად, უსინათლოთა კავშირის წევრებს გადაეცემათ ბიბლიის მეოთხე წიგნი - „წიგნი რიცხვთა“.

ზაზა ვაშაყმაძემ სააგენტოს ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. 2023 წლიდან იწყება ახალი, რიგით მესამე სოციალური პროექტი „ტაძრებში ხატებთან განთავსებული ლოცვები ბრაილის შრიფტით“, რომლის მიზანიცაა დაეხმაროს შშმ პირებს, კერძოდ უსინათლოებსა და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეებს, ტაძრებში ხატების ქვეშ განთავსებული ლოცვებისა და ტროპარ-კონდაკების წაკითხვასა და აღქმაში. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ბრაილის შრიფტით ლოცვები და ტროპარ-კონდაკები განთავსდება თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. პროექტის დაწყებისთანავე უსინათლოთა კავშირის წევრებს გადაეცემათ იმ ლოცვებისა და ტროპარ-კონდაკების სია, რომლის წაკითხვასაც ისინი შეძლებენ ბრაილის შრიფტით სამების საკათედრო ტაძარში.

სტუმრებს მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა რელიგიის სააგენტოს სოციალური აქტივობა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მუდმივ კომუნიკაციაშია მოსახლეობის ყველა ფენასთან, მათ შორის, შშმ პირებთან და მუდმივად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ, სოფიკო ხუციშვილმა, მადლობა გადაუხადა სააგენტოს და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს