გიორგი ვაშაძე - ჩვენ ვმუშაობდით, სხვები რას აკეთებდნენ, კრიტიკოსებად რომ ჩამოყალიბდნენ? მარტო ლაქლაქი და ენის ტყლაპივით მხარზე გადაგდება, არაა საქმე - ბოკერიას საერთოდ ვერ გავიგე, რა უნდა, გახარიას პარტიაში კი ჯერ თავისი ლიდერი იპოვონ, სად არის

ჩვენ ვმუშაობდით, სხვები რას აკეთებდნენ, კრიტიკოსებად რომ არიან ჩამოყალიბებული? - მარტო ლაქლაქი და ენის ტყლაპივით მხარზე გადაგდება, არაა საქმე , - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ იმ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც 24 თებერვალს დაგეგმილი აქციასთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია დააფიქსირეს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, კრიტიკის ნაცვლად, ოპოზიციონერმა კოლეგებმა საქმე უნდა გააკეთონ.

„თქვენი აზრით, მარტივი იყო ამდენი საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის ერთად დადგომა და საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება? - რთული იყო, მაგრამ ჩვენ ვმუშაობდით. სხვები რას აკეთებდნენ, კრიტიკოსებად რომ არიან ჩამოყალიბებული და მარტო ჩასაფრებული პოზიცია აქვთ? - წადი, რამე გააკეთე, მარტო ლაქლაქი და ენის ტყლაპივით მხარზე გადაგდება, არაა საქმე და თუ არ აკეთებ, სხვას მაინც ნუ უშლი ხელს. თუ სხვას საქმის კეთებაში უშლი ხელს, მაშინ შენ ვინ ხარ? - შენ არაფრის მაქნისი არ ხარ, ესაა რეალობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას კრიტიკასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არ ესმის „საერთოდ რა უნდა“, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს გიორგი ვაშაძე ურჩევს, რომ ჯერ „თავისი ლიდერი იპოვონ, სად არის და მერე ილაპარაკონ“.

„ბოკერიას პარტიას ვერ გავიგე, საერთოდ, რა უნდა. [გიორგი გახარიას პარტიაში] ჯერ თავისი ლიდერი იპოვონ, სად არის და მერე ილაპარაკონ. რამე გააკეთა ამ ხალხმა? - ჩვენ რომ გვაკრიტიკებენ თვითონ რა გააკეთეს? სამუშაო ჯგუფებმა რამე შედეგი დადო? ომბუდსმენი სად არის? ავირჩიეთ? სასამართლო რეფორმა და დეოლიგარქიზაცია სად არის? დეკემბრამდე რეფორმები უნდა დადებულიყო, არ დაიდო. ამ ხალხმა, ჩემი აზრით, ბოდიში უნდა მოიხადოს და დატოვოს სამუშაო ჯგუფები.

ნუ მივცემთ ცალკეულ პატარა პატარა ადამიანებს ჩვენს შორის განხეთქილების შემოტანის შესაძლებლობას. მე მიხარია, რომ მათ მეტი არავინ არ აღმოჩნდა 24 თებერვლის აქციის წინააღმდეგი. 24 თებერვლის აქციაზე ოპოზიციური სპექტრის ძირითადი აქტორები იქნებიან, ვინც არ იქნება, თავის თავს დააბრალოს. ეგენი შარშანაც არ იყვნენ 20 ივნისს და რამე დააკლდა იმ აქციას? ხალხის რაოდენობა იყო ცოტა? - თავი დაგვანებონ რა. თვითონ რას აკეთებენ გვითხრან, ყავას რომ სვამენ პაპუაშვილთან - იმ მართლა ოროსან, არაფრისმაქნისთან ერთად. ერთი ხელმოწერის უფლება აქვს, რომ შემიშვას პატიმართან და იმაზეც რომ უარს მეუბნება პაპუაშვილი - ეს პატარა ბავშვი, მართლა პატარა, პატარა კაცი. იმდენად პატარა კაცია პარლამენტის თავმჯდომარე, რომ გვარამიასთან და სააკაშვილთან შესვლაზე უარს მეუბნება. იმასთან ერთად რომ ყავას სვამენ, რამე საქმეც გააკეთონ რა, ნუ შეგვჭამეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, „ვინც ერთობაზე უარს იტყვის, ის გაირიყება პროცესიდან“.

გიორგი ვაშაძის თქმით, გასულ წელს გამართული აქციებიდან 24 თებერვლის აქცია იმით იქნება განსხვავებული, რომ აქციას სათავეში პოლიტიკოსები უდგანან.

„შარშანდელი არცერთი აქცია არ იყო ოპოზიციის ორგანიზებული. ძალიან გთხოვთ გავმიჯნოთ. დღეს პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად აორგანიზებენ აქციას, რათა ეს იყოს ნამდვილად პოლიტიკური პროცესი, რადგან პოლიტიკური პროცესის გარეშე ვერ მივალთ გამარჯვებამდე. არ არსებობს პოლიტიკური გამარჯვება პრორუსულ პოლიტიკურ ძალაზე, „ქართულ ოცნებაზე“ პოლიტიკოსების გარეშე. ამიტომაა განსხვავებული ეს პროცესი.

რაც შეეხება „ცხელ შემოდგომას“, რომ გაყვირიან ზოგიერთები, არაფრისმაქნისები განსაკუთრებით, ოპოზიციის ოპოზიციონერებად რომ ჩამოყალიბდნენ და „ქართული ოცნების“ საქმეს რომ აკეთებენ. უკაცრავად, მაგრამ ევროკავშირმა გადაწია საბოლოო ვადა, საბოლოო შეფასებას კანდიდატის სტატუსზე ჩვენ ველოდებოდით გასულ დეკემბერში და იქნება ამ წლის დეკემბერში და ბუნებრივად გადაწეული ვადა არის სხვა საკითხი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა 24 თებერვალს დაგეგმილი აქციისა, გიორგი ვაშაძემ გადაცემაში წლების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების მიზეზზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არაფრის გახსენება არ სურს, რადგან „კარგი არაფერი მანდ არ არის“.

„მე ეს ფურცელი უკვე გადავშალე, ყველა ადამიანს ვეუბნები, რომ ჩემს გვარს ნუ ახსენებთ და ჩემს ნაცვლად ნუ ლაპარაკობთ, რა მოტივაციები იყო. აღარ მინდა გავიხსენო საერთოდ ეს, გადავშალე ეს ფურცელი, აღარ არსებობს ჩემთვის ეს წარსული, წავშალე. არ მინდა არაფერი გავიხსენო, კარგი არაფერი მანდ არ არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს