ჯეიმი ფლაი - მჯერა, ევროკავშირი გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა მთავრობის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია - ქართული დემოკრატიის სიჯანსაღეზე ზრუნვა და რეფორმების გაგრძელება, ეს არის ის, რისი გაკეთებაც ახლა საქართველოს შეუძლია

მჯერა, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმესთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ჯეიმი ფლაიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების გადასაწყვეტია, როგორ მოახდინონ ევროპული ინსტიტუტების ფორმირება, თუმცა სჯერა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოსთან.

„მჯერა, საქართველო გააგრძელებს სვლას ევროპულ გზაზე და ევროკავშირი გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა საქართველოს მთავრობის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირს სპეციფიკური სტანდარტები აქვს გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. ზოგ მათგანს გავლენა აქვს „რადიო თავისუფლებაზე“, როდესაც ისინი ეხება მედიის თავისუფლების საკითხებს. ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მცდელობას, დააწესოს სტანდარტები თავისი კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ დამოუკიდებელი მედიის არსებობას, რადგან ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი უკუსვლა თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მედიაზე თვალყურის დევნების და მედიის კონტროლის მცდელობის მხრივ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს პროგრესი თავისუფალი მედიის ხელშეწყობის მხრივ და არ დაბრუნდეს იმ დროში, როცა მედია კონტროლის ქვეშ იყო, როცა დამოუკიდებელი მედია კანონგარეშე იყო გამოცხადებული ან აკრძალული, როცა ჟურნალისტებს უწევდათ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მე სრულად ვუჭერ მხარს ევროკავშირის ცვლილებებს საქართველოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებების შესახებ, უფრო მეტიც, მე როგორც საქართველოს მეგობარი მხარს ვუჭერ, რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, - განაცხადა მან.

ამასთან, ჯეიმი ფლაიმ უპასუხა კითხვას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გახდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ორგანული ნაწილი, რომელიც უკრაინაში ომის შემდეგ აუცილებლად ჩამოყალიბდება, ექსპერტის თქმით, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნება იმაში, რომ ქართული დემოკრატია ისეთი ძლიერია და მდგრადია, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

„უკრაინული დემოკრატიაც სტრესის ქვეშ იყო, თვით რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინაც და უკრაინის მთავრობამაც უნდა გააგრძელოს ნაბიჯების გადადგმა, რათა უკრაინაში ყვაოდეს, ვითარდებოდეს დემოკრატია. სხვ ქვეყნებიც, იგივე მოლდოვა, ანალოგიური გამოწვევების წინაშე დგას. ყველგან შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა სახის ზეწოლაზე. ამგვარად ქართული დემოკრატიის სიჯანსაღეზე ზრუნვა და რეფორმების გაგრძელება და ჩვენს შემთხვევაში, იმედს გამოვთქვამთ, რომ დამოუკიდებელ მედიას ექნება შესაძლებლობა, იფუნქციონიროს და ემსახუროს ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ახლა საქართველოს შეუძლია“, - დასძინა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო