ჯეიმი ფლაი - უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი

უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი - განაცხადა „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ „პალიტრანიუსის“ ეთერში ხათუნა ლაგაზიძესთან ინტერვიუში.

დიდი მადლობა ბატონო ფლაი, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა.

მძიმე შეიარაღების, ტანკების გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს მასშტაბური შეტევითი ოპერაციების წარმოებას თავისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის. და პირიქით, თუ ახლო მომავალში უკრაინა არ მოახდენს მნიშვნელოვან გარღვევას და არ გაათავისუფლებს დიდ ქალაქებსა და ტერიტორიებს, ხომ არ შეასუსტებს ეს დასავლეთის რწმენას უკრაინის ბრძოლისუნარიანობაში და გააღრმავებს ეჭვებს შემდგომი დახმარების მიზანშეწონილობის თაობაზე. საბოლოო ჯამში, ხომ არ დააფიქრებს ეს დასავლეთს რამდენად უღირთ მათ უკრაინის გვერდით დგომა მის საბოლოო გამარჯვებამდე?

-მე არ ვარ სამხედრო ექსპერტი, თუ რა ხდება აღმოსავლეთ უკრაინის სამხედრო მოქმედებათა არენაზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ თავდაცვით პოზიციებში არიან. თავად რუსეთის შიგნითაც, სადაც პუტინი ყველაფერს აკეთებს რუსეთის საზოგადოების კონტროლისთვის, მაინც ჩნდება კითხვები რუს ხალხში, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან, იმედოვნებდნენ, რა ძალიან შეზღუდულ სამხედრო ოპერაციას, რომლის ომად მოხსენიებასაც კი არ ერიდებოდნენ და დღეს მიიღეს ასი ათასზე მეტი მოკლული რუსი სამხედრო მოსამსახურე და ახლა საუბარია სრულიად ახალ მობილიზაციის ფაზაზე. ბევრი რუსული ოჯახი კითხულობს უკვე, რა ხდება რეალურად უკრაინაში, ცდილობენ თავად გაერკვნენ რეალობაში, რადგან ხვდებიან, რომ კრემლისგან სიმართლეს ვერ გაიგებენ, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვაწყდებით ჩვენს საქმიანობაში, რასაც ადასტურებს მზარდი ინტერესი ჩვენი კონტენტის მიმართ, რასაც გადმოვცემთ უკრაინიდან რუსული აუდიტორიისთვის. და ეს მაფიქრებინებს, რომ არც არ უნდა ხდებოდეს საბრძოლო მოქმედებათა მინდორზე ბახმუტსა და აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსები მაინც გრძნობენ დაუცველობას და მოწყვლადობას, თუ როგორ განვითარდება ეს ომი და რა თქმა უნდა, ამას გავლენა ექნება მათ მიერ მიღებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.

ბატონო ფლაი, როგორ ფიქრობთ, რას აირჩევს დასავლეთი, თუ ის ორი ალტერნატივის წინაშე დადგება: რუსეთის დაშლა, რომელსაც შეიძლება თან სდევდეს ბევრი პრობლემა, მათ შორის, შიდა ომები, ქაოსი, უკონტროლო ბირთვული იარაღი თუ რუსეთის არსებულ საზღვრებში შენარჩუნება, რომელსაც მეტ-ნაკლებად შეეძლება თავად გაუმკლავდეს შიდა პრობლემებს, მაგრამ ამავე დროს, შენარჩუნებული ექნება იმპერიული ცნობიერება, რაც მალე კვლავ იჩენს თავს?

-არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი არჩევანია, ჩემი როგორც ამერიკელის, ან რომელიმე ევროპელის - მივიღოთ გადაწყვეტილება რუსეთის მომავლის თაობაზე, ეს გადაწყვტილება რუსი ხალხის თავისუფალი ნების მისაღებია. სამუშოა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, „რადიო თავისუფლება“ არის ის, რომ ვაწვდით, რეალურ, ფაქტობრივ ინფორმაციას, იმდენ რუსს, რამდენიც შესაძლებელია, რამაც უნდა ძალა შესძინოს მათ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ცხოვრებაზე, მათი ოჯახების ყოფაზე და სამომავლოდ, მათი საზოგადოების და რუსი ერის ბედზე. ეს არ უნდა იყოს თავსმოხვეული გარედან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში თავად რუსეთის შიგნით გაიხსნება სივრცე იმისთვის, რომ რუსებმა შეძლონ მსჯელობა რუსეთის მომავლის თაობაზე.

-თანდათან ახლოვდება აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების სტარტი. როგორ ფიქრობთ, ბაიდენის ადმინისტრაცია და ზოგადად, დემოკრატები შეეცდებიან დააჩქარონ უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რათა ეს თავისი საპრეზიდენტო კამპანიის ქვაკუთხედად აქციონ? თუ პრეზიდენტ ბაიდენის გუნდი არ ფიქრობს სწრაფი ეფექტის მიღებაზე და რუსეთის ჩამოშლის გრძელვადიან სტრატეგიას ახორციელებს?

-მე ვმუშაობდი ამერიკულ პოლიტიკაში წლების წინ, მაგრამ უკან მოვიტოვე ამერიკული პოლიტიკა. „რადიო თავისუფლება“ არ ზრუნავს, აქცენტს არ აკეთებს ამერიკის პოლიტიკაზე. ჩვენ გადმოვცემთ ფაქტებს ამერიკის შესახებ მათთვის, ვისაც ეს აინტერესებს, მაგრამ მე არ მაქვს წვდომა რა დებატები მიდის ამერიკის შიდა პოლიტიკაში უკრაინის თაობაზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როცა ვხვდები ამერიკელ კონგრესმენებს, ოფიციალურ პირებს, მე ვხედავ ორივე მხარეს, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებში უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას. ისევე როგორც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს „რადიო თავისუფლების“ საქმიანობას, რომელიც არ შეცვლილა ამერიკაში შემოდგომაზე ჩატარებული შუალედური არჩევნების დროსაც.

-რამდენიმე კითხვა საინფორმაციო ომზე. რა არის მთავარი თვისებები თანამედროვე საინფორმაციო ომის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამოცდილებაზე დაყრდნობით? უკრაინელებმა ომის პირველივე დღეებიდან მოახერხეს საინფორმაციო სივრცის მოგება, რისი წყალობითაც მათ შეძლეს მთელი დასავლეთის მობილიზება უკრაინის გარშემო. რა გაკვეთილები მივიღეთ, რომელთა გათვალისწინება სამომავლოდ ღირს?

გამოცდილება, რომელიც თქვენ ახსენეთ, გვიჩვენებს, რომ უკრაინელებმა მთელი მსოფლიო დაარწმუნეს, რომ ისინი მზად არიან დაიცვან თავის ქვეყანა, მიუხედავად საშინელი საფრთხისა, რომლის წინაშეც იდგა უკრაინის ბევრი ოფიციალური პირი და უკრაინელი ხალხი. მათ კარგად იმუშავეს, როცა ავრცელებდნენ, აშუქებდნენ იმ გამოწვევას, საფრთხეს, რომლის წინაშეც ისინი იდგნენ, ამ ომისგან დაზარალებული ხალხის ისტორიებს. მე ვფიქრობ, „რადიო თავისუფლების“ ვალია ფაქტობრივად ასახოს და გააშუქოს ის, რაც ხდება. ჩვენ გვყავს 100-ზე მეტი ჟურნალისტი უკრაინაში და ისინი არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებენ უკრაინაში, გვაწვდიან რა ინფორმაციას რუსული შეტევების განახლების თაობაზე, ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლების შესახებ და ამას აკეთებენ არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ რუსულენოვანი აუდიტორიისთვისაც და ასევე, ეს კონტენტი ზიარდება 23 ქვეყანაში, ყველა ენაზე, სადაც ჩვენ ვართ და ასევე, ვრცელდება გლობალურად ჩვენი პარტნიორი ქსელების მიერ, როგორიცაა „ამერიკის ხმა“, რადიო „თავისუფალი აზია“ და ეს მნიშვნელოვანი ნაწილია: ნებისმიერი ომის ინფორმაციული მოცვა, სრულყოფილი გაშუქება, განსაკუთრებით იმ ომის, რომელიც ეფუძნება კრემლის კონსპირაციულ თეორიებსა და ტყუილს. თქვენ გჭირდებათ თავისუფალი მედია, რომ იყოს ეპიცენტრში, რათა გადმოსცეს ფაქტები, გააშუქოს ომის შედეგები, თუ როგორ აისახება ეს ომი ადამიანებზე, ისე რომ დამაჯერებელი იყოს გლობალური აუდიტორიისთვის რა გავლენას ახდენს ეს ომი უკრაინელებზე. უკრაინის მთავრობა ჰყვება და გვაწვდის თავის ინფორმაციას, მაგრამ დამოუკიდებელი მედია ასევე აუცილებელია ამ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჩვენ ვცდილობთ უკრაინაში.

-მინდა გითხრათ, რომ რადიო თავისუფლების“ ქართული წარმომადგენლობა ასევე შესანიშნავ საქმეს აკეთებს და დიდი მადლობა ამისთვის და აქვე გკითხავთ, შეგიძლიათ ცოტა მეტი მოგვიყვეთ საინფორმაციო თავდაცვის საუკეთესო პრაქტიკებზე სხვა ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით?

- თუ გვერდზე გადავდებთ უკრაინის ომის კონტექსტს, ევრაზიის დიდი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევა არის სივრცის დახურვა თავისუფალი მედიისთვის, როცა იკრძალება დამოუკიდებელი მედია და ჟურნალისტებს ხელი ეშლებათ საქმიანობაში. ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებს ბელარუსში, ბოლო წლების განმავლობაში იხურება მედია სივრცე ცენტრალური აზიის ნაწილში, სადაც ჩვენ რამდენიმე ბიურო გვაქვს. ბოლო შემთხვევა მოხდა ყირგიზეთში, სადაც ჩვენი ბიურო განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშაა, ვებ-გვერდი დაიბლოკა საბანკო ანგარიში გაიყინა. ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ დაადუმონ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.

საქართველოს მსგავს ქვეყნებში ჟურნალისტებს აქვთ საშუალება, რომ შეასრულონ თავის პროფესიული მოვალეობას, მაგრამ წუხილები მზარდია ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმებთან და შეურაცხყოფებთან დაკავშირებით, როცა ისინი გარკვეულ ამბებს გადმოსცემენ. და საფრთხე, რომ ჩაიკეტოს სივრცე თავისუფალი მედიისთვის, როცა გარკვეული ტიპის ჟურნალისტები აიკრძალონ, თუნდაც მათი კავშირებისთვის საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებთან. ეს არის ტაქტიკა, რომელსაც რუსეთი მისდევს წლების განმავლობაში თავისი კანონით „უცხოელი აგენტების“ თაობაზე, რომელიც ჟურნალისტებს ავალდებულებს საჯაროდ დაიწეროს ვინ აფინანსებს, როგორია მისი დაფინანსების მოდელი, რომელ პოლიტიკურ ფონდებს ეყრდნობა მათი დაფინანსება. ეს მიდგომა ასევე ზღუდავს ჟურნალისტების დამოუკიდებლობას და შემოსავლების ტრადიციული მოდელიც საინფორმაციო ინდუსტრიისთვის მსოფლიოს მასშტაბით კოლაფსს განიცდის.

ეს პრობლემები საქართველოსაც აწუხებს, ისევე როგორც ბევრ ქვეყანას რეგიონის ფარგლებში და ჩვენი როლია, ვიყოთ ადგილზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჟურნალისტები აგრძელებენ თავის საქმიანობას და მე კმაყოფილი ვარ, იმ საქმიანობით, რასაც „რადიო თავისუფლება“ აკეთებს ბოლო წლების განმავლობაში.

- ციფრული, ეგრეთ წოდებული „პოსტ-სიმართლის“ ეპოქა დემოკრატიის გამოწვევად იქცა: ინფორმაციული შეტევის, საინფორმაციო ომის ტექნიკები და საშუალებები უფრო სწრაფად ვითარდება და უფრო ღრმად აღწევს საზოგადოებაში, ვიდრე ინფორმაციის უსაფრთხოებისა და შეკავების სტრატეგიები და მეთოდები. როგორ დავიცვათ დემოკრატია ხელოვნური ინტელექტის და სოციალური ქსელების ეპოქაში?

-ეს დიდი გამოწვევაა, რადგან როგორც მე აღვწერე, ბევრი პრობლემის წინაშე დადგა დამოუკიდებელი მედია მსოფლიოს მასშტაბით, რადგან ინფორმაციის უმეტესობა გადაიცემა ონლაინ. ამან ერთი მხრივ თავისუფლება მიანიჭა ბევრ ჩვენს აუდიტორიას, მათ ერთი თითის დაკვრით აქვთ გაცილებით მეტი ინფორმაცია, ვიდრე გვქონდა 30-40 წლის წინ, მაგრამ ამავდროულად ამ ტექნოლოგიურმა წინსვლამ საშუალება მისცა მთავრობებს, ორივე, როგორც ავტორიტარულს, ასევე ვიწრო, კერძო პოლიტიკური ინტერესის მქონე მთავრობებს, გამოიყენონ ეს ციფრული ხელსაწყოები, რომ შეზღუდონ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება და მიაწოდონ თავის მოსახლეობას მხოლოდ გარკვეული სახის ინფორმაცია, ასევე გააკონტროლონ რომელ საიტებზე ჰქონდეთ წვდომა. ჩვენ გვჭირდება მთავრობები, რომლებიც შეებრძოლება ამ ტენდენციას, მხარს დაუჭერს დემოკრატიას, კერძო სექტორის ინიციატივებს, და იმას რომ ინტერნეტი დარჩეს ღია და თავისუფალი და ყველა ხმა ისმოდეს. და ამავე დროს გვჭირდება მთავრობები, რომლებიც არ შეეცდებიან შეზღუდვები დაუწესონ დამოუკიდებელ მედიას და შექმნიან თავისუფალ სივრცეს მათთვის, რათა მათ დასვან მწვავე კითხვები და ამ გზით ხელისუფლებაში მყოფნი მუდმივი ანგარიშვალდებულების რეჟიმში ამყოფონ. და ჩვენ ვხედავთ ბევრ მთავრობას, რომლებიც ამ საკითხებს სერიოზულად უდგებიან და ბევრ ისეთს, რომლებიც ზღუდავენ ჟურნალისტების უფლებებს, აჩუმებენ, ბლოკავენ მათ, რათა მეტი კონტროლი დაამყარონ საზოგადოებაზე. ეს ნამდვილად შემაშფოთებელია.

-მოდით ვისაუბროთ საქართველოზე. მრავალი წლის განმავლობაში საქართველო იყო რუსული მუდმივი დეზინფორმაციისა და ფსიქოლოგიური, დივერსიული ოპერაციების საცდელი პოლიგონი. როგორია თქვენი დაკვირვება დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეთოდებზე, რომელსაც რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს საქართველოს მოსახლეობის და ზოგადად, სამიზნე ქვეყნების წინააღმდეგ?

- რასაც რუსეთი საქართველოში აკეთებს ბევრით მსგავსია იმისა, რასაც ის აკეთებს იმ ქვეყნებში, სადაც „რადიო თავისუფლება“ მაუწყებლობს: ქაოსის დათესვა, ქაოსის წაქეზება, ის მიზანში იღებს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებს, რომლებიც მას არ მოსწონს და შეურაცხყოფენ მათ, ხანდახან აორგანიზებენ ძალადობას მათ წინააღმდეგ და აქეზებენ სხვებს სამიზნოდ გაიხადონ ისინი. ეს არის მათი მოქმედებების ხაზი, მაგრამ როგორც ვნახეთ, ჩვენ ბევრი მრავალი წლის განმავლობაში, ამას აქვს გავლენა, რათა საზოგადოების ნაწილი მოექცეს კონსპირაციული თეორიების და პროპაგანდის გავლენის ქვეშ, მაგრამ დროთა განმავლობაში, საზოგადოების უფრო ფართო ნაწილს უჩნდება კითხვა, თუ რა ხდება. ჩვენ ვნახეთ შემაძრწუნებელი პროპაგანდა, უკრაინელ „ნაცისტებზე“, რომელთაც თურმე წარმოშობით ებრაელი პრეზიდენტი ზელენსკი „ხელმძღვანელობს“. მაგრამ ეს პროპაგანდა არ პოულობს გამოძახილს უკრაინის საზოგადოების დიდ ნაწილში, ხოლო დამოუკიდებელი რეპორტიორების მიერ გაშუქებული რუსების ბრუტალური ტაქტიკა, მათი ომის დანაშაულები, რომელთაც მალევე ეფინება, გაცილებით ძლიერი მესიჯია, რადგან ის სიმართლეა. და ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, სადაც ჩვენი რადიო საქმიანობს, რომ ხალხს სჭირდება და ეძებს რეალურ, ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. და ეს არის დამოუკიდებელი მედიის როლი, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა.

-გენერალმა ბენ ჰოჯესმა რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში განაცხადა, რომ: „რუსეთიდან მომდინარე რეალური საფრთხე არ არის სამხედრო საფრთხე. ეს არის სცენარი, სადაც რუსეთი იპყრობს არა ქვეყანას, არამედ მის ინსტიტუტებს. სცენარი, სადაც ხალხს აღარ სჯერა ერთმანეთის, მაგრამ სჯერა რუსული პროპაგანდისა და მისი ცრუ ნარატივების“. ეს აჩენს კითხვას: რა უნდა დაუპირისპიროს ქართულმა საზოგადოებამ რუსეთის დივერსიულ ოპერაციებს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ არის მისი პარტნიორი ამ ბრძოლაში? ან როგორ უნდა დაუპირისპირდეს საზოგადოება ანტიდასავლურ პროპაგანდას, თუ ის მისივე ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული?

-ვფიქრობ, ყველა ქვეყანაში თითოეული მოქალაქის ვალია თვალყური ადევნოს, რომ მათი ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდებოდეს და არ გავიდეს ამ ჩარჩოებიდან, მისდიოს დემოკრატიული მართვის სტილს, იყოს ინფორმაციის კარგი მომხმარებელი, ასწავლის შვილებს და სხვებსაც, როგორ მიიღონ და მოიხმარონ ინფორმაცია სწორად და ეძებონ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებიც განიხილება საჯარო სივრცეში. ეს ის ბაზისია, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უნდა აკეთებდნენ, რათა გაუმკლავდნენ პროპაგანდას. მე არ გავაკეთებ კომენტარს საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებაზე. ვფიქრობ, რომ საქართველოს საზოგადოების ნება სრულიად ნათელია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ისინი ხმამაღლა გამოხატავენ თავის ნებას გახდნენ ევროკავშირის წევრები, ადგენენ ევროპის გზას, მეტს მიაღწიოს ქართული დემოკრატიის გზაზე. ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ მათ რეალური ინფორმაციის გავრცელებით. საქართველოს ყველა ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს საკუთარი ხალხის შეკითხვებს და წუხილებს, რომელსაც ქართველი ხალხი განიცდის, რომ მისი ხელისუფლება არ მოძრაობს საკმარისად სწრაფად. ეს ჯანმრთელი პროცესია და დარწმუნებული ვარ გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

-თქვენი აზრით, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? თუ საქართველო დარჩება სტატუსის გარეშე, უფრო ხომ არ გაუხსნის ეს ხელ-ფეხს რუსეთს საქართველოს თავის გავლენს სფეროში საბოლოოდ შესათრევად და ამავდროულად, გააძლიერებს ჩვენს საზოგადოებაში უკვე არსებულ ნიჰილიზმს, შეასუსტებს პროდასავლური ელექტორატის და პოლიტიკური სპექტრის პოზიციებს და წაახალისებს ანტიდასავლურ განწყობებს? სამაგიეროდ, ლავროვმა უკვე შეაქო ჩვენი მთავრობა. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, კანდიდატის სტატუსზე უარის თქმით, ევროპა საერთოდ ხომ არ დაკარგავს საქართველოს?

-როგორც ამერიკელი და საქართველოს, ქართული დემოკრატიის მეგობარი, მე ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, მისცემენ თუ არ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, როგორ მოახდინოს ევროპული ინსტიტუტების ფორმირება. მე მჯერა, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროპულ გზაზე და ევროკავშირი გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა საქართველოს მთავრობის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირს აქვს სპეციფიკური სტანდარტები გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, ზოგ მათგანს გავლენა აქვს „რადიო თავისუფლებაზე“, როცა ისინი ეხება მედიის თავისუფლების საკითხებს: ჩვენ ძალიან ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მცდელობას დააწესოს სტანდარტები თავისი კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის არსებობას, რადგან ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი უკუსვლა თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, მედიაზე თვალყურის დევნების და მედიის კონტროლის მცდელობის მხრივ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს პროგრესი თავისუფალი მედიის ხელშეწყობის მხრივ და არ დაბრუნდეს იმ დროში, როცა მედია კონტროლის ქვეშ იყო, როცა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა კანონგარეშე იყო გამოცხადებული ან აკრძალული იყო, როცა ჟურნალისტებს უწევდათ ზრუნვა საკუთარ უსაფრთხოებაზე. მე სრულად ვუჭერ მხარს ევროკავშირის ცვლილებებს საქართველოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების შესახებ, უფრო მეტიც, მე როგორც საქართველოს მეგობარი, მხარს ვუჭერ რომ საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

-რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გახდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ორგანული ნაწილი, რომელიც აუცილებლად ჩამოყალიბდება უკრაინის ომის შემდეგ?

-ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნება იმაში, რომ ქართული დემოკრატია ისეთი ძლიერი და მდგრადია, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უკრაინული დემოკრატიაც სტრესის ქვეშ იყო, თვით რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინაც და უკრაინის მთავრობამაც უნდა გააგრძელოს ნაბიჯების გადადგმა, რათა უკრაინაში ყვაოდეს, ვითარდებოდეს დემოკრატია. სხვა ქვეყნებიც, იგივე მოლდოვა ანალოგიური გამოწვევების წინაშე დგანან, ყველგან შეიძლება ვისაუბროთ სხვადასხვა სახის ზეწოლებზე და ამგვარად, ქართული დემოკრატიის სიჯანსაღეზე ზრუნვა და რეფორმების გაგრძელება და ჩვენს შემთხვევაში, იმედს გამოვთქვამთ, რომ დამოუკიდებელ მედიას ექნება შესაძლებლობა, რომ იფუნქციონიროს და ემსახუროს ქართველ ხალხს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც საქართველოს ახლა შეუძლია.

მადლობა ბატონო ფლაი ძალზედ საინტერესო ინტერვიუსთვის და იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ დემოკრატიის დაცვისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების მხარდაჭერისთვის.

„პალიტრანიუსი“

ხათუნა ლაგაზიძე

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი