ზურაბ ჯაფარიძე - არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ 24 თებერვალს რაღაც მორჩება, მაგრამ იმედი მაქვს, დაიწყება - საბოლოო ჯამში ქუჩაში უნდა იყოს პროცესები, მათ შორის მწვავე პროტესტი, ხელის შეშლა, პარალიზება

როგორ უნდა დალაგდნენ? - მთელი სანტა-ბარბარაა, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილსა და შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთ პროცესებში არიან შესული, რომ რთული წარმოსადგენია „როგორ უნდა დალაგდნენ“.

„მე რომ მივედი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვანო მერაბიშვილი იყო გენერალური მდივანი და მასთან მქონდა სერიოზული უთანხმოება ძირითადად, ხედვებთან, მათ შორის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შემდეგ ვანო მერაბიშვილი დააკავეს და მასთან ურთიერთობა აღარ მქონია. მაშინ ეს საკითხები არ იდგა. მათ შორის, ახლა ვინც ლანძღავს, ისინი, მაშინ ამ ხალხთან ჩახუტებული იყო, მოკლედ მთელი სანტა-ბარბარაა.

ახლა, რაც ხდება, არაფერი მომწონს. რამენაირად რომ დალაგდნენ, არ გამიკვირდება, მაგრამ ისეთ რაღაცებში არიან შესული, რომ როგორ უნდა დალაგდნენ? პარტიის თავმჯდომარედ რომ აგირჩევენ, უნდა გააერთიანო და ეს როგორ უნდა მოახერხონ ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე გადაცემა „360 გრადუსში“ ყოფილი თანაპარტიელისა და „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ პარტია „გირჩის“ დაშლის მიზეზი შესაძლოა დავით კეზერაშვილი იყო.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადება „კომპლექსიანი ადამიანის ჩვეულებრივი ბოდვაა“.

„ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა, კომპლექსიანი ადამიანის ჩვეულებრივი ბოდვა, მეტი არაფერი. ამდენი წელი გავიდა და კიდევ ჩემზე ლაპარაკობს, ესეც ხომ გაუგებარი ამბავია. საიდან მოიტანა კეზერაშვილი ან ვინმე სხვა, საერთოდ რატომ ღელავს მაგაზე. რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ჯაფარაზე ლაპარაკი დასრულდეს. ვერ წარმომიდგენია, რომ შეიძლება მყავდეს ადამიანების დიდი ჯგუფი, რომლებიც მაფინანსებენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 24 თებერვალს მოხდება დაფიქსირება იმისა, რომ „უთავმოყვარეო ყოფა, რომელშიც გვამყოფებს ხელისუფლება, არ არის საქართველო“.

მისივე თქმით, „ოცნების“ წევრები საუბრობენ, რომ 24 თებერვალს ქვეყნის არევას გეგმავს ოპოზიცია, თუმცა „არაფერი მსგავსი არ მოხდება“.

„არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ 24 თებერვალს რაღაც მორჩება. 24 თებერვალს არაფერი არ მორჩება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაიწყება. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ქუჩაში უნდა იყოს პროცესები, აზრი არ შემიცვლია, საბოლოო ჯაში ქუჩაში პროტესტი, მათ შორის მწვავე პროტესტი, ხელის შეშლა, პარალიზება, ეს არის გზა, ოღონდ 24 თებერვლის ამბავი, ეს არ არის. 24 თებერვალი არის უკრაინის სოლიდარობის აქცია, მთავარი ამბავი არის ეს, მათ შორის მხარდაჭერა ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც უკრაინაში არიან და დაფიქსირება იმისა, რომ უთავმოყვარეო ყოფა, რომელშიც გვამყოფებს ხელისუფლება, ეს არ არის საქართველო. ზღაპრებს რომ ჰყვებიან „ოცნებაში“, რომ „ო, ახლა ეგენი არევას აპირებენ, არაფერი მსგავსი არ ხდება“.

გამოსავალი არის ალტერნატივის ჩვენებაში. ალტერნატივა უნდა იყოს გამოხატული როგორც ხედვებში, ისე ადამიანებში, რომელსაც რაღაც ნდობა ექნებათ. ხომ ხედავთ, რომ ადამიანებს ამ პოლიტიკური სპექტრის მაინც და მაინც ნდობა არ აქვთ. ადამიანებია საჭირო, რომელსაც ხალხი ენდობა, ხედვებია საჭირო, რომ ამას გავაკეთებთ და ამის პარალელურად, მე არ მჯერა, რომ თუ ქუჩაში ბევრი გაბრაზებული ხალხი არ იქნება, ჩვენ შევძლებთ ამ სისტემის დამარცხებას. ეს არის ტიპური საბჭოთა მონსტრი, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა