ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილს - მიხეილ სააკაშვილზე თუ ასე წუხარ, ღამის გასართობ „შოუებში“ რომ დადიხარ, ეს არ არის უხერხული?

ყოველი წინადადება იწყება მიხეილ სააკაშვილით და მთავრდება მიხეილ სააკაშვილით, თუ ასე წუხარ, ღამის გასართობ შოუებში რომ დადიხარ, ეს არ არის უხერხული? ჩემთვის ესეც მიუღებელია , - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე თანაპარტიელის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს“.

როგორც დოლიძე განმარტავს, „მიხეილ სააკაშვილს მისი უახლოესი მეგობრებიც კი არ ახსენებენ ხშირად და ჩუმად აკეთებენ საქმეს, რაც გასაკეთებელია“.

„ვცდილობ, ყველანაირად, პიროვნულად არ გადავიდე და არც გადავდივარ ხოლმე, თუ სასწაული არ მოხდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თითოეული რესპონდენტი, რომელიც ჟურნალისტებთან გამოდის, მიხეილ სააკაშვილს 30-ჯერ მაინც ახსენებს, ამით რას უმტკიცებ, ვის უმტკიცებ, ვის აჯერებ, თუ საკუთარ თავს აჯერებ, რომ თურმე, ყველაზე მეტად შენ წუხხარ. მიხეილ სააკაშვილის მართლა უახლოესი მეგობრები ვინც არიან, ისინი არ ახსენებენ ასეთი რაოდენობით და ჩუმად აკეთებენ საქმეს, რაც გასაკეთებელია. ეს პოპულისტური კრიტიკა, ლოზუნგები და სადღეგრძელოები... გუშინ ვისმინე, თუნდაც ლევანისგან [ხაბეიშვილი] ცოტა გამიკვირდა, 9 საათზე, ნიკა მელიამ ბრიფინგი დააანონსო, ველოდებოდი, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გააკეთებდა განცხადებას და აბსოლუტურად სხვა საკითხს შეეხოო. ყოველი წინადადება იწყება მიხეილ სააკაშვილით, მთავრდება მიხეილ სააკაშვილით, თუ ასე წუხხარ, ღამის გასართობ შოუებში რომ დადიხარ, ეს არ არის უხერხული? ჩემთვის ესეც მიუღებელია. როცა შენ ამით ცხოვრობ და გვეუბნები, ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი ციხეშია, ასეთ მდგომარეობაშიაო, თან მერე რესტორნებში და თან გასართობ შოუებში დადიხარ, ესეც არაფერში არ წერია პირადად ჩემი გადმოსახედიდან, სხვას შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს“, - განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე ისაუბრა პეტრე ცისკარიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, შიდაპარტიულ არჩევნებში უცილებლად ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს და ნიკა მელიას მიერ დაანონსებული რეპრესიები არ შესრულდება.

„მესმის, პეტრე დარწმუნებულია გამარჯვებაში, თუმცა არანაკლებ ვარ მე პირადად პირველივე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებული. მოდით, ეს განსაჯოს და გადაწყვეტილება მიიღოს ამომრჩეველმა, თუ ვის მიანიჭოს ნდობა, რომ ჩამოაყალიბოს თავისი გუნდი და განსაზღვროს პარტიის რამდენიმე წლის პოლიტიკა. არავინ არ ვაპირებთ არავის გაშვებას, ძალიან ცუდად საუბრობენ ამ ყველაფერზე. ბუნებრივია, გამარჯვებული კანდიდატი ვინც იქნება, იმას ეყოლება ის გუნდი დაკომპლექტებული, რომელსაც თვლის, რომ მიმართული იქნება კონკრეტულ საქმეზე, ეს იქნება ერთ მუშტად შეკრული გუნდი და არასდროს ეცდება პასუხისმგებლობისგან გაქცევას და დაბრალებას, რომ ერთ ადამიანს გადააბრალოს პრობლემები, რომელიც შეიძლება პარტიას ჰქონდეს.

ძალიან გამიკვირდა, სიტყვა „რეპრესია“ რომ მოვისმინე, ვფიქრობ, ჩვენმა მეგობრებმა ალბათ, სიტყვა „რეპრესიის“ მნიშვნელობა არ იციან. გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ კანდიდატს მოაზრებული ჰყავს ის გუნდი, რომელთან ერთადაც აპირებს პასუხისმგებლობის აღებას კონკრეტულ პროცესებზე.

ძალიან რთულია არ დაგეთანხმოთ, დარჩა კი, რაც არ მომხდარა შიდაპარტიული არჩევნების პროცესის განმავლობაში?!. სამწუხაროდ, ბევრი ცუდი რამე მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. მეორე მხრივ, ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავი წარმოაჩინა. ყველა ეთერში ხაზს ვუსვამდი, უდროოდ ჩატარებული არჩევნებია, საერთოდ არ გვჭირდებოდა ეს ყველაფერი-მეთქი, მაგრამ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმდენად ვარ დარწმუნებული, რომ დიახ, სწორია, არჩევნები რომ ჩატარდება. იმაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონია არჩევნებს, ვიდრე მეგონა“, - განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე ისაუბრა თუ როგორ და ვინ განკარგავდა პარტიის ფულს.

„ის, რომ პარტიას ფინანსური პრობლემები აქვს, ეს ახალი არ არის, რომ არ ჰქონოდა ფინანსური პრობლემები, დამიჯერეთ, აბსოლუტურად სხვანაირად წარვმართავდით თვითონ პარტიის ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ის თანხა, რომელიც ერიცხება პარტიას, როგორც პეტრე ცისკარიშვილი, ასევე ზურა მელიქიშვილი, რა თქმა უნდა, განაგებდნენ, რომელიც ძლივს ჰყოფნიდა ელემენტარულად პარტიის არსებობას. კოალიციურად ვინც იყო, „ძალა ერთობაშიას“ წევრები ვინც იყვნენ, დაფინანსების ნაწილი მათზე გადადის, ასეთი მორიგება იყო, შესაბამისად, წილი „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ დაბალი აქვს ფინანსური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რა თანხაც შემოდიოდა, ეს ძალიან მიზერული თანხა იყო, პირიქით, ამ დოტაციაზე უნდა ყოფილიყო ძალიან ბევრი მიმართულება“, - განაცხადა დოლიძემ.

კითხვაზე, თუკი, დავით კეზერაშვილი იყო დამფინანსებელი, რატომ იყო პარტიული ხაზინა ცარიელი, დოლიძე ასე პასუხობს:

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო ძალიან დროებითი, ეს იყო ძირითადად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. გახსოვთ, როცა მოხდა თანამშრომლობა, საჯაროდ განაცხადა ნიკა მელიამ, რამდენიმე თვეში ეს თანამშრომლობა შეწყდა, ეს პრობლემები პარტიას რამდენიმე წელია მოჰყვება, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სამწუხაროდ, ბევრ რაიონში ოფისი არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მთავარი იდეა, რის გარშემოც ვართ გაერთიანებული, არ დაიკარგოს“, - განაცხადა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა